გორის ეკონომიკური განვითარების გეგმას 11 მარტს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ

270

11 მარტს მერი კოტე თავზარაშვილი საკრებულოს სხდომაზე გორის ეკონომიკური განვითარების გეგმით წარსდგება. ოფიციალური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს უკვე გაუგზავნეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2017 წლის 4 აგვისტოს, ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრობაზე გორის მუნიციპალიტეტიმა ხელი მოაწერა.

“წინამდებარე გეგმის ამოცანაა, 2017 წლამდე მდგომარეობის გაანალიზებით, მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი კეთილდღეობის მიღწევის მხარდამჭერი პრინციპების განსაზღვრა და კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვა. გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ ეკონომიკის სექტორზე და წარმოადგენს მოკლე, ლაკონურ დოკუმენტს, სადაც ნათლადაა გაწერილი თითოეული ასპექტი და მოიცავს ორ წლიან სამოქმედო გეგმას. ” – აღნიშნულია შესავალ ნაწილში.

გეგმის შემუშავების პროცესში განხორციელდა მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის სიღრმისეული კვლევა, რომელმაც განვითარების ყველაზე დიდი შესაძლებლობის მქონე ორი სექტორი ტურიზმი და სოფლის მეურნეობა გამოავლინა. ასევე, გამოვლინდა სუსტი მხარეებიც, როგორებიცაა: ფინანსებზე წვდომის სირთულე, დაბალ-კვალიფიციური ადამიანური რესურსი და უმუშევრობის მაღალი დონე.

შემუშავდა მუნიციპალიტეტის განვითარების საერთო ხედვა, რომელიც კარგი მმართველობით, ახალი ინვესტიციების მოზიდვით, ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის შესაძლებლობების განვითარებით ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას გულისხმობს, რაც საერთო ჯამში, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს.

ამასთან, განისაზღვრა მუნიციპალიტეტის მთავარი მიზნები: ტურიზმის განვითარება; სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება; ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა, მოსახლეობის დასაქმება და მეწარმეობის ხელშეწყობა.

მიზნების მისაღწევად დაისახა ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, ცოდნის/კვალიფიკაციის ამაღლება და მუნიციპალიტეტის მარკეტინგული ღონისძიებების გამრავალფეროვნება.

ასევე, გეგმა მოიცავს საჭირო დაფინანსების რაოდენობასა და სავარაუდო წყაროებს. გორის მუნიციპალიტეტი მზადაა გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილის საკუთარი ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად, თუმცა აუცილებელია, გააქტიურდეს მუშაობა დაფინანსების გარე წყაროების მოსაძიებლად.