2020 წელს გორის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება

1640

“2020 წლისთვის გორის თეატრის რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პროექტირება დაიწყება, – ეს დაპირება თეატრის ხელმძღვანელობამ მუნიციპალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღო. ასევე, მათივე ცნობით, დაიგეგმა შენობის წინ მდებარე სკვერის მოწყობაც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ხელისუფლების წარმომადგენლებმა შენობა დაათვალიერეს და დაგვპირდნენ, რომ მომავალი წლისთვის დაიწყება ამ ყველაფრის პროექტირება და მთლიან შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. თეატრს რეაბილიტაცია ნამდვილად ესაჭიროება, ფასადზე კოროზიებია დაწყებული, იშლება ფასადი და ძალიან სამწუხარო იქნება ქალაქის ცენტრში არსებული ისტორიული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაიშალოს და განადგურდეს. საფრთხეები სერიოზულია, კოლონადებია ჩამოშლილი და ძალიან სავალალო მდგომარეობაა. ასევე სცენის განათებები არ გვაქვს და ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს,” – აცხადებს გიორგი წვერავა.

გორის თეატრის შენობას ნაწილობრივი რეაბილიტაცია, დაახლოებით, 7 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა როგორც თეატრში აცხადებენ, სამუშაოები მაშინ ხარვეზებით შესრულდა და პრობლემებმა თავი ისევ იჩინა.

თეატრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.