ტანას ხეობაში მდებარე ნასოფლარს დასახლების სტატუსი მიენიჭება

2254

სოფელში 1990-იანი წლების დასაწყისამდე ძირითადად ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ადგილობრივებმა სოფელი დატოვეს. გორის მუნიციპალიტეტში, ტანას ხეობაში მდებარე ნასოფლარს, დასახლების სტატუსი მიენიჭება. მერიის მოთხოვნით, ტერიტორია სოფელ ატენისგან გაიმიჯნება და ცალკე დასახლებული პუნქტი შეიქმნება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

2002 და 2014 წლების აღწერის მიხედვით, იქ არც ერთი მოქალაქე აღარ ფიქსირდება. სოფელში ფოტოები 2015 წელს გორის ფოტოგრაფთა კლუბის წევრებმა გადაიღეს. ფოტოგრაფების თქმით, სახლ-კარს ზაფხულობით მხოლო ერთი ოჯახი აკითხავს.

დრის შესახებ გამოცემა”შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” ინფორმაცია საბჭოთა სტატისტიკის კრებულშიც მოიძია. აღმოჩნდა, რომ არსებობდა ცალკე დრის სასოფლო საბჭო, რომელშიც სხვა პატარა სოფლები შედიოდა.

ასე მაგალითად, 1940 წლის სტატისტიკით, დრის სასოფლო საბჭოში 244 კომლი ირიცხებოდა. ეს 244 კომლი ნაწილდებოდა შემდეგ სოფლებზე: სიქალეთი – 36 კომლი; ლევიტანა – 22 კომლი; ველები – 18 კომლი;  ურიული – 20 კომლი; დრე – 58 კომლი; სანდისი – 22 კომლი; დიდი წერეთი – 34 კომლი; იკნევი – 34 კომლი.

1987 წლამდე კომლთა რაოდენობა თითოეულ სოფელში შემცირდა. მოსახლეობის უმრავლესობა ბარის სოფლებში გადავიდა. შემცირებული დასახლებების ნაწილი ატენის სასოფლო საბჭოს შეუერთეს, ნაწილი ქვახვრელს და ა.შ.

1987 წლის მონაცემებით, დრის მოსახლეობა შეადგენდა 14 კომლს 107 სულით.

ენციკლოპედიის მიხედვით, დრე ისტორიული სოფელია. ის თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1420 მ , გორიდან 28 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

“დრე” პირველად ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ტანის ხეობის სოფელთა სიაში მოიხსენიება. იგი გარკვეულ როლს ასრულებდა ქართველი ხალხის მიერ გარეშე მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში და იცავდა ატენს მტრის შემოსევისაგან.

XIX ს. 40-იან წლებში დ-ში მოქმედებდა ანდრეევსკის ტყავის ქარხანა. 1863 მაისში მებატონე ერისთავებმა დრეს გლეხებს გადასახადი გაუდიდეს (შეაწერეს 2000 მან. და 45 კაპ.). გლეხებმა უარი განაცხადეს გადასახადის გადახდაზე, რისთვისაც მთავრობამ სოფელში ეგზეკუცია ჩააყენა, მოსახლეობა ააწიოკა და აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მებატონეს.