კალაძე: თბილისში 8 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე 80 მილიონი დაიხარჯება

942

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

“არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა  ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება და ეს ასეც იქნება.

ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთან, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო  სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ 2019 წლის ბოლოს დაიწყება ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.