კალაძე: 8 ახალი მეტროსადგური აშენდება

1195

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია “მწვანე პოლიტიკა – ეკონტრანსპორტი” გამართეს.

“ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება – ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, სამგორი-აეროპორტი – აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება და 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან 30 მილიონ დოლარამდე არის მეტროს ვაგონების ღირებულება. დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პირველ ეტაპზე, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ექვსი სრულიად ახალი შემადგენლობა იმოძრავებს. თავდაპირველად, მოცდის შუალედი ათი წუთი იქნება, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, შუალედს შევამცირებთ, ვაგონების რაოდენობას კი გავზრდით.

ვფიქრობ, ჯამში ეს ყველაფერი რეალურად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, შეიქმნას სუფთა გარემო და კომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მგონია, რომ იმ პროექტებით, კონკრეტულად კი, მიწისზედა მეტროს მშენებლობით, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება, თითოეული თბილისელი იამაყებს“,  – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.