კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

743

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და გზის ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას ითვალისწინებდა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია “GWP-მა“ 2 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის დროსაც, წყლისა და წყალარინების ქსელები შეცვალა. პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი, კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯეუ გრუპმა“ აწარმოა.

“კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, რისთვისაც მინდა, კომპანია “GWP-ს“ მადლობა გადავუხადო. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ფაქტობრივად, ყველაფრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრალური გზის მეორე მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება.

უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.