ქუთაისის საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი სამჯერ ჩამოინგრა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

წინა სტატია

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჭერი მესამედ ჩამოინგრა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შენობის მეორე სართულზე ჭერს სრულად შეცვლიან. ჯამში საუბარია 2 400 კვ.მ თაბაშირ–მუყაოს ფილაზე. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“გარანტიას გვაძლევენ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება”, – ამბობს მურად ჯიშკარიანი.

სკოლის დირექტორი, 2016 წელს შენობაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ხარვეზების დაშვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ სამივე შემთხვევაში ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ქარი იყო.

“არავითარი ხარვეზი არ ყოფილა. ქარის გამო მოხდა ეს. პოლიციაც იყო გამოძახებული, ექსპერტებმა შეამოწმეს ყველაფერი. რამე მიზეზი რომ ყოფილიყო, ამ საქმეს ასე არავინ დატოვებდა”, – ამბობს მურად ჯიშკარიანი.

მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში სასწავლო პროცესი არ შეფერხდება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი 2 ნოემბერს მესამედ ჩამოიშალა.

სკოლას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რისთვისაც 700 000 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები