ახმეტაში მდებარე ერთ-ერთ მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას და თუშეთში მდებარე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

ანწუხელიძე დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები