მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

1024

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, მასწავლებელების მოთხოვნით, სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერებულია. პედაგოგები აცხადებენ, რომ ეზოში ექვსი მეტრით პატარა სტადიონს აკეთებენ და ის სკოლისთვის საკმარისი არაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პირველ საჯარო სკოლაში ეზოსა და სტადიონის კეთილმოწყობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აგვისტოში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ეზოს შემოღობვა თითქმის დასრულებულია, სტადიონი კი ჯერ ისევ მოსაწყობია. მასწავლებლები ამბობენ, რომ სტადიონის მშენებლობა მათი პროტესტით შეჩერდა.

“წინა პარასკევს გავიგეთ, რომ ძველი სტადიონის ადგილზე პატარას აკეთებენ. გვითხრეს ამერიკული სტანდარტიაო. ეს სკოლას არ ეყოფა და ფულს ჰაერში გადაყრიან. ახლა მშენებლობა შეჩერებულია, მუშებს ვუთხარით, ვიდრე საქმე არ გადაწყდება, არ გააგრძელონ“, – ამბობს პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე.

სპორტის მასწავლებლის ნანა მაისურაძის თქმით, სტადიონი ექვსი მეტრით პატარავდება: “მუშები ამბობენ რასაც გვავალებენ იმას ვაკეთებთო. ეს ზომა ამერიკული სტანდატი ყოფილა. ჩვენი მოთხოვნაა დარჩეს ისეთი როგორიც იყო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით სტადიონს ასე თუ დააპატარავებდნენ“.

პროექტის შეცვლის მოთხოვნით პედაგოგებმა 19 ოქტომბერს განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს.

ახალციხის სკოლის ეზოში სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “სამმართველო N2” ასრულებს. ეზოს და სტადიონის კეთილმოწყობისთვის 236 311 ლარია გათვალისწინებული.

როგორც კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი თენგიზ ზედგინიძე ამბობს, სკოლის ეზოში აქამდე გაცილებით დიდი სტადიონი იყო ზომებით 29.5X 15.5 და ახლა კეთდება შედარებით პატარა – 12X24 –ზე. მიუხედავად მასწავლებლების უკმაყოფლებისა, მშენებლები სამუშაოების გაგრძელებას გეგმავენ.

აღნიშნული ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოშიც დაადასტურეს: “ადრე რომელი სტადიონიც ჰქონდათ არასტანდარტულია. ახლა რაც კეთდება სტანდარტების შესაბამისია და სხვანაირს ვერც გავაკეთებთ“.