გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

1092

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტის აშენებას ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

პროექტის მიხედვით 3 შენობის აშენება იგეგმება, ესენია ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

“საუბარია კიდევ რამდენიმე ადგილზე, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე ქალაქგარეთ. თუმცა ქალაქის განვითარებისთვის ალბათ აჯობებს ცენტრში გაკეთდეს. შემიძლია გადაჭრით გითხრათ ის, რომ ღვინის უნივერსიტეტი გურჯაანში აშენდება და მუნიციპალიტეტი აღარ შეიცვლება. ეს ჩემი აქტიური ჩართულობის შედეგია. გურჯაანი მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტია და ამიტომ ყველაზე სწორია, სასწავლებელიც აქ აშენდეს. ამ ლოგიკით დავარწმუნე კავკასიის უნივერსიტეტი, რომ შესაფერისი ადგილი გურჯაანია. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ისწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. ჩატარდება არაერთი კვლევა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სტატუსს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს. როგორც ხელმძღვანელობა მეუბნება, 2020 წლისთვის უკვე მზად იქნებიან სტუდენტების მისაღებად”, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა.

ღვინის უნივერსიტეტის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება და საგანმანათლებლო დაწესებულება პირველ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლებში მიიღებს.