აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტს გადადგომას ითხოვენ

163
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთში ახალგაზრდების ნაწილი დეფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს.ამის შესახებ სოხუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადეს. ინფორმაციას ლაივპრესი “აფხაზია ინფორმზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ახალგაზრდებმა რაულ ხაჯიმბას მმართველობა გააკრიტიკეს. განმარტეს, რომ დაპირებების უმრავლესობა არ შესრულებულა. ამასთან, გაუარესდა ცხოვრების დონე და კრიმინოგენული ვითარება „ქვეყანაში“, გაიზარდა ნარკოტიკდამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რომელიც ხშირად მსხვერპლით სრულდება და თვითმკვლელობის ფაქტები.

ფორუმის მონაწილეები ამბობენ, რომ კორუფციამ უკვე საშიშ მასშტაბებს მიაღწია. მწვავეა ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, ეს ყველაფერი კი, როგორც განმარტეს, დეფაქტო პრეზიდენტის და მისი გარემოცვის კეთილდღეობის ფონზე ხდება.

“ქვეყანა თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ უკვე არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, რომელსაც შეუძლია უკონტროლო მასობრივი საპროტესტო აქციების გამოწვევა. თქვენ ვერ შეძელით მოგეგვარებინათ ვერცერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სახლს, აპსნის ემუქრება. თქვენი დესტრუქციული ქმედებები ჩვენ მომავალს გვართმევს.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ ყველაფერს შევურიგდეთ. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ნებაყოფლობით თქვენი გადადგომაა“, – ნათქვამია რაულ ხაჯიმბასადმი მიმართვაში.