ზუგდიდში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კინოთეატრის ბიზნესგეგმა შეიმუშავეს (ვიდეო)

ზუგდიდში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კინოთეატრის ბიზნესგეგმა შეიმუშავეს. მათი პროექტის მიხედვით, 100 ადგილიანი კინოთეატრის შენობის ბიუჯეტი 65 ათასი აშშ დოლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კინოთეატრის ბიზნესგეგმა მოსწავლეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ პროექტ სოციალური მეწარმეობის განვითარების ფარგლებში შეიმუშავეს.

“ბავშვებმა ჩაატარეს კვლევა. მათ შეადგინეს კითხვარი, რომელიც გამოაქვეყნეს ფეისბუკზე. ერთი კვირის განმავლობაში 377 რეპონდენტი დაინტერესდა და გამოვლინდა, რომ კინოთეატრი ყველაზე სასურველი იყო მათთვის“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა სალომე კვაშილავამ.

მოსწავლეებმა კინოთეატრის პროექტის პრეზენტაცია დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩაატარეს. მათი განცხადებით, კინოთეატრი ერთის მხრივ, ქალაქში კულტურული ცხოვრების განვითარებას შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, შემოსავლებს მოუტანს ბიუჯეტს. მოსწავლეებმა თქვეს, რომ მათ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობას კინოთეატრი ქალაქის ცენტრში სურს.

პროექტის ავტორებმა შენობის მოძიებაში დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს.

მამუკა წოწერიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა კინოთეატრის შენობის შერჩევაში პროექტის მონაწილეებს დაეხმაროს.

“კინოთეატრისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ტექნოპარკის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა ფართი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა კონსტანტინე კაკავამ.

აღსანიშნავია, რომ შეხვერაზე კინოთეატრის ადგილას სხვა ადგილები და შენობებიც განიხილეს.

ამასთან, მერიის წარმომადგენელმა ბესიკ არახამიამ შესთავაზა პროექტის ავტორებს, რომ მოსწავლეებმა შექმნან კინოსკოლა, სადაც ისინი ამავდროულად ისწავლიან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებას.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მას შემდეგ, რაც ერთადერთი კინოთეატრი :ატრიუმი“ ზუგდიდში სლოტ კლუბად გადაკეთდა, ეს საკითხი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები