ვაკის პარკის კონკურსი, რომლის პირობებსაც სპეციალისტები აკრიტიკებდნენ, ჩავარდა

28

წინა სტატია

შემდეგი სტატია

კონკურსი, რომელიც თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრალური პარკის – ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა, ჩავარდა. პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 475 ათასი ლარი იყო, საკონკურსო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 28 სექტემბერს დასრულდა.  დღეს კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი გვამცნობს, რომ კონკურსი არ შედგა.

თუმცა, ამ შედეგს სპეციალისტები წინასწარ ვარაუდობდნენ, რადგან მათთვის კონკურსის პირობები მიუღებელი იყო. გამარჯვების შემთხვევაში, პროექტის შესაქმნელად მერია კომპანიას მხოლოდ სამ თვეს აძლევდა, საქმეში ჩახედული ადამიანები კი აცხადებდნენ, რომ ამ ვადაში სრულფასოვანი პროექტის შექმნა შეუძლებელი იყო. 

“ვამბობდით, რომ ვაკის პარკის კონკურსის პირობები მიუღებელია. არაო, გვიმტკიცებდა თბილისის მერია, ძალიან კარგადაა ყველაფერიო. დღეს 12:00 გამოჩნდა, ვინ აღმოჩნდა მართალი: არც ჩვენ, არც სხვა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომელიც ჩავარდა. ამით დაზარალდა, პირველ რიგში, კახი, იმიტომ, რომ ეს სისტემური შეცდომაა, როდესაც არც ერთ კომპანიას არ უნდა იმონაწილეოს ასეთი ლამაზი პარკის პროექტირებაში. დაზარალდა საზოგადოება, ვინაიდან გადაიწია დიდი ხნით პარკის რეაბილიტაციამ. დაზარალდნენ ის არქიტექტორები, ვისაც უნდა გვემუშავა ამ პროექტზე.  და რატომ ეს ყველაფერი – იმიტომ, რომ ვიღაც შტერი ჩინოვნიკი, ფაროსანა, დაჯდა კაბინეტში და დაწერა უაზროდ კონკურსის პირობები.  ჩავარდა კონკურსი. მერს პრობლემაა აქვს, საზოგადოებასაც.  სამაგიეროდ შტერი მაინც მიიღებს მის ხელფასს თვის ბოლოს ჩვენი ჯიბიდან.  მოიცილეთ შტერები. მოიცილეთ შტერები. კიდევ ვიმეორებ, მოიცილეთ შტერები”, – ასე გამოეხმაურა მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ვაკის პარკის კონკურსის ჩავარდნას facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ჟვანია ერთ-ერთი იყო, ვინც საკონკურსო პირობებს აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო, სამ თვეში რომელიმე კომპანიას 25 ჰექტარზე გაშენებული პარკის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა საკუთარ თავზე აეღო.

სპეციალისტების სკეპტიციზმი მერიამ არ გაიზიარა – გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა მათ შენიშვნებს უსაფუძვლო ბრალდებები უწოდა და განმარტა, რომ საკონკურსო პირობები წინასწარ სხვადასხვა კომპანიასთან ფასთა გამოკითხვისთვის მიზნით გაიარეს, მათ შორის, უცხოურ კომპანიებთანაც. გიგაშვილი ამტკიცებდა, რომ სამ თვეში ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის შექმნა შესაძლებელია.

ამაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც ორი დღის წინ თბილისის მთავრობის სხდომაზე. მან თქვა, რომ კონკურსის პირობებს ის ადამიანები აკრიტიკებენ, “ვისაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია”. ამ განცხადებაში კალაძე, სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრსა და “ტფილისის ჰამქრის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალეკო ელისაშვილს გულისხმობდა. ელისაშვილიც ერთ-ერთი იყო, ვისაც საკონკურსო პირობები არ მოსწონდა და ამის გამო ორი დღის წინ მერია გააკრიტიკა.

დღეს კი აღმოჩნდა, რომ ამ პირობებით კონკურსში მონაწილეობის მიღება არც ერთმა კომპანიამ არ ისურვა. რას ფიქრობენ დედაქალაქის მერიაში ჩავარდნილ კონკურსზე, ხომ არ იყო ამის მიზეზი ის, რომ საკონკურსო პირობები მართლაც არასწორად იყო შედგენილი, სავარაუდოდ, როდისთვის გამოცხადდება ახალი კონკურსი და განიხილავს თუ არა მერია საკონკურსო პირობების შეცვლას? ამ კითხვებზე პასუხს droa.ge მერიისგან ელოდება და მიღებისთანავე გაგაცნობთ.