კვლევა: აჭარის მთავრობა საჯარო ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, აჭარის მთავრობა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს, კერძოდ, აჭარის მთავრობის აპარატს, 4 სამინისტროს და ამდენივე საქვეუწყებო დაწესებულებას პროაქტიული ინფორმაცია სრულად არ აქვთ გამოქვეყნებული.

აჭარის მთავრობის 2013 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით, უწყებებს 35 სახის დოკუმენტის პროაქტიულად გამოქვეყნება დაევალათ.

კვლევის მიზანი იყო, ორგანიზაციას დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს უწყებების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია როგორც რაოდენობრივად, ისე შინაარსობრივად (კერძოდ, იყო თუ არა ინფორმაცია რელევანტური, განახლებადი, ხელმისაწვდომი, სრულყოფილი და დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი).

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ 2018 წლის აგვისტოში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციები, სამინისტროებთან შედარებით, ნაკლებ საჯარო ინფორმაციას აქვეყნებენ პროაქტიულად.

კვლევის მიხედვით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აქვს, მას აჭარის მთავრობის 2013 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მხოლოდ მეხუთედი აქვს სრულად გამოქვეყნებული. კვლევის პერიოდში საუკეთესო შედეგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჰქონდა.

აჭარის მთავრობამ ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ აამოქმედა მთავრობის ერთიანი ვებპორტალი, რომლითაც ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება აქვს, გაეცნოს ადმინისტრაციული ორგანოების სტრუქტურას, შესყიდვების გეგმას, ელექტრონული სახით გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე დაუკავშირდეს საჯარო დაწესებულებას ტელეფონით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დადგენილ სტანდარტს ადმინისტრაციული ორგანოები სრულყოფილად არ ასრულებენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალის შექმნა ცალსახად პროგრესული ნაბიჯი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების, ასევე სერვისის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, რაც განსაზღვრულია კიდეც აჭარის მთავრობის დადგენილებით.

იხილეთ დეტალური მონაცემები აჭარის მთავრობაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შესახებ:

მსგავსი სიახლეები