ონის მერიამ ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ახალი სამსახური შექმნა

1099

ონის მუნიციპალიტეტში ახალი ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრი” ჩამოყალიბდა, რომლის ძირითად მიზანს რეგიონის კვლევა და ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მერიის ცნობით, ტურისტული ცენტრის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა საბაზისო ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ასევე ფოტო-ვიდეო გადაღებები. 

როგორც მერიაში აცხადებენ, ონის მუნიციპალიტეტის მიმზიდველი ბუნება, კლიმატური პირობები, მთის სუფთა ჰაერი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების სიხშირე, კულტურული ძეგლების სიმრავლე, მინერალური წყლებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების სიუხვე უნიკალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისათვის. მათი თქმით, მხარეში უამრავი უძველესი და საინტერესო კულტურულ–ისტორიული ძეგლია, რომელიც დამთვალიერებელთა უდიდეს ინტერესს იწვევს.

“რაჭის მხარე მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებით, ტბებით, მდინარეებით, ბუნებრივი მღვიმეებით, რაც ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს. ყველა ეს პირობა უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის ტურიზმი განვითარდეს.

რაჭის რეგიონის ტურისტული პოტენციალის მცირე ნაწილია შესწავლილი და ათვისებული, ასევე არაა განვითარებული საჭირო ინფრასტრუქტურა, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის ხარისხიანი დასვენების პირობების შესაქმნელად.

ადგილობრივი ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური და სოციალური წინსვლის საქმეში. მსოფლიოს ქვეყნებში განვითარებისა და განახლების მრავალი პროექტი ტურიზმის განვითარებას ეფუძნება. ამიტომ ტურიზმის დაგეგმვა საჭიროა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. 

მუნიციპალიტეტში კლიმატურ და ბალნეოლოგიურ კურორტებზე სამკურნალო-რეკრეაციული ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეკრეაციულ რესურსებზე მსჯელობისას, უწინარეს ყოვლისა ყურადღებას ჰავა და კლიმატი იქცევს, როგორც დასვენებისა და მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

რაჭის რეგიონის რელიეფის დიდი შესაძლებლობები არცთუ იშვიათად წლის გარკვეულ პერიოდში ქმნის ხელსაყრელ პირობებს ე.წ. „კომფორტული კლიმატის“ წარმოსაქმნელად. ამ მხრივ, რა თქმა უნდა საკურორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით აუცილებელია გაიზარდოს ინვესტორთა დაინტერესება, ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ფართოდ რეკლამირებითა და პოპულარიზაციით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მნიშვნელოვანია, სოფლის ტურიზმის, აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტიმულირება. ამ მიმართულებით საჭიროა სოფლის მოსახლეობის ტრადიციული საცხოვრისის მომზადება ადგილობრივი თუ უცხოური დამსვენებლის მისაღებად, მათი მფლობელების დატრენინგება, მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების უკეთ წარდგენის მიზნით. 

ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას და შესაბამისად, მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

მთიანი რეგიონის სოფლის მცხოვრებლებს, როგორც წესი, მცირე შემოსავლები აქვთ და არ აქვთ ეკონომიკური პერსპექტივები, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ტურიზმი მათთვის სერიოზულ ალტერნატივად იქცეს. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს მნიშვნელოვან, თაობათა მიერ დაგროვილ პრაქტიკულ ცოდნებს საკუთარ რეგიონზე (კულტურა, ტრადიცია, ფლორა, ფაუნა), შესაბამისად, გარკვეული პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ ისინი შეიძლება გახდნენ წარმატებული გიდები და გამყოლები, აგრეთვე დაკავდნენ უშუალოდ ეკონომიკური საქმიანობთაც, რაც დაკავშირებულია სასტუმროების, რესტორნების ექსპლუატაციასა და სხვა ტურისტულ მომსახურებასთან.

ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა და ჩართულობა თავისთავად გახდება ტურიზმის განვითარების საწინდარი”, – აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში.