კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და ქალაქის მართვაში საზოგადოება ჩავრთოთ

199

წინა სტატია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ მმართველობის სისტემის დახვეწის მიზნით, დედაქალაქის მერიაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქმიანობა უკვე დაიწყო.

„მე და ჩემმა გუნდმა რამდენიმე თვის წინ, თბილისის მართვა გადავიბარეთ. ამ პერიოდში მმართველობის სისტემის დახვეწის მიზნით, სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფი დროულად ჩამოყალიბდა, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული პირები, მერიისა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, ფართო წარმომადგენლობითობის მქონე ორგანიზაციები შედიან. აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაო ჯგუფში გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა და ღიაა დაინტერესებული პირების სამუშაო პროცესში ჩართვის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა უკვე დაიწყო და ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის კეთილდღეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ფუნქციონირებადი და ღია მმართველობის დანერგვა წარმოადგენს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმას, კახა კალაძის თქმით, დოკუმენტის შინაარსი თბილისის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობაზე, საჯარო კონსულტაციებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„ყველაფერს გავაკეთებთ რათა ის სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, დავამსხვრიოთ და ქალაქის მართვასა და განვითარებაში მოსახლეობა, საზოგადოება ჩავრთოთ. ასევე, მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პირდაპირი წვდომა და ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რის განხორციელებასაც დედაქალაქში ვგეგმავთ. ამ მიზნით, შევქმენით საინტერესო პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. დღეს თბილისს ჰყავს მთავრობა, რომლისთვისაც ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმად ქცევა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, თუმცა მზად ვართ, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სიტყვის დასასრულს, კახა კალაძემ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერონ, ასევე, დააგემოვნონ ქართული ღვინო და სამზარეულო.

თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.

საქართველო 2017 წლიდან “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა.