გუდაბერტყას ნამოსახლარს ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა

163

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუდაბერტყას ნამოსახლართან ახალი ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ნაგებობა იხსნება.

არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები ამიერიდან გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ, რომლიდანაც კონფლიქტის ზონის ტერიტორია უშუალო თვალთახედვის არეალში ხვდება. ბაქანზე მოწყობილია საინფორმაციო ბანერები, რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქეები არქეოლოგიური ძეგლის შესახებ მიღებული ცნობების მიღმა, კონფლიქტური რეგიონის ირგვლივ და იქ არსებული კულტურული მემკვიდრების ძეგლების შესახებაც მიიღებენ სათანადო ინფორმაციას.

ახლო მომავალში, დამთვალიერებელთა მეტი ექსპრესიისთვის, გადასახედ მოედანზე ტურისტული ბინოკლიც განთავსდება, რაც ვიზიტორებს ცხინვალის რეგიონის მაქსიმალური სიახლოვით ვიზუალური ხედვის საშუალებას მისცემს. არქეოლოგიურ ობიექტზე მისულ ტურისტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესისა და მისი მიმდინაეობისას აღმოჩენილი არტეფაქტების გაცნობის საშუალებაც ექნებათ. 

არქელგიურ ძეგლზე ახალ ინფრსატრუქტურულ ობიექტს 11 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გახსნიან. 

“მიმდინარე წლიდან სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სხვა ტურისტული- ინფრასტრუქტურული ელემენტებით კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაზე დაიწყებს მუშაობას. არქეოლოგიური საიტის ტერიტორიას ვიზიტორთა ცენტრი, სავალი ბილიკები და კაფე შეემატება. სამომავლოდ პროექტი ასევე მოიცავს გუდაბერტყას ტერიტორიიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე ველო და საცხენოსნო ტურიზმის ტრასების მოწყობასაც. 

პარალელურად, გუდაბერტყას ნამოსახლარზე გრძელდება არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც, რომელიც სააგენტოს დაფინანსებით უკვე მე-3 წელია გრძელდება”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

გუდაბერტყას არქეოლოგიური ობიექტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე მდებარეობს.