ზემო სვანეთში 2017 წელს, მესტია-უშგულის და აეროპორტის გზების, ასევე 5 საბავშვო ბაღის და 4 სპორტსკოლის მშენებლობა განხორციელდება

948

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, 2017 წელს ზემო სვანეთში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კერძოდ, მიმდინარე წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტში 4 მილიონ 350 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზეა გათვალისწინებული. ეს პროექტებია – ლეო ფილფანის სახელობის კულტურის სახლის მშენებლობა და უშბის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა, რაზეც 762 000 ლარი დაიხარჯება.

როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, გარდა აღნიშნულისა, რეგიონული განვითარების ფონდიდან ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაფინანსდება. „ორი – ლენჯერი და ფარი დაწყებულია. ეცერში, იდლიანსა და ხაიშში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ორ კვირაში დაიწყება, დანარჩენ სამ ბაღზე ტენდერი გამოცხადებულია, ახლა შერჩევა-შეფასების რეჟიმია და ორ კვირაში დასრულდება. სამი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მილიონი ლარი დაიხარჯება, ორ ბაღზე კი 600 000 ლარი“, განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მესტიის გამგებლის თქმით, 728 000 ლარია გათვალისწინებული იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში სპორტსკოლები აშენდეს. „მშენებლობები სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დარჩენილი თანხით ფინანსდება, თუმცა თანხა საკამარისი არ არის, ამიტომ წელს პირველი ეტაპი შესრულდება, პროექტების დასასრულებელი თანხა კი მოსაძიებელია. სპორტსკოლები აშენდება ნაკრაში, ხაიშში, ლენჯერსა და ფარში“, აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის ინფორმაციითაც, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს მუნიციპალიტეტში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს დაბა მესტიაში აეროპორტამდე მისასვლელ გზას, ასფალტ-ბეტონის საფარით. აღნიშნულ პროექტზე 2 მილიონ 422 000 ლარი დაიხარჯება.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს ასევე უშგული-მესტიის დამაკავშირებელ გზას, რაზეც დაახლოებით, 9 მილიონი დაიხარჯება. ორივე პროექტი მიმდინარეობის პროცესშია. პირველი წელსვე დასრულდება, მეორე გარდამავალია“, – აღნიშნაკაპიტონ ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიდან ბეჩოს თემში, დოლში, რკინა-ბეტონის არხის მშენებლობა მიმდინარეობს, რაზეც 923 000 ლარი დაიხარჯება.

წყარო: გარდიანი