კალაძე: კონკრეტული არეალების სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს ქალაქის სწორ განვითარებას

729

გენგეგმის მიხედვით, 11 არეალია გამოყოფილი, უნდა დაიდოს დოკუმენტი თუ როგორ განვითარდეს ეს ტერიტორიები, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც სპორტის სასახლის უკან გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქაოტურ განაშენიანებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული არეალების სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს ქალაქის სწორ განვითარებას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„11 არელია გამოყოფილი. მაგალითად, ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე ფართებზე, ჩვენ იქ მშენებლობები შევზღუდეთ, დროებით შევაჩერეთ. ეს ტერიტორიაც მოხვდა გენერალური გეგმის ნაწილში, სადაც უნდა ჩატარდეს კვლევა და დაიდოს დოკუმენტი თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ტერიტორიების განვითარება, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც მაგალითად, „სპორტის სასახლის“ უკან გვაქვს. სამწუხაროდ, კიდევ არის რამდენიმე ასეთი ადგილი, სადაც ქაოტური განაშენიანებაა. ზოგან კერძო, დაბალი სახლებია, იქვე გვერდით მაღალსართულიანი კორპუსებია. ეს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და ძალიან ცუდია ქალაქის განაშენიანებისთვის. მოხდება სწორად დაგეგმვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები. მგონია, რომ ეს ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კალაძემ.

კ2 კოეფიციენტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად კახა კალაძემ განაცხადა, რომ კ2 კონფიციენტის შესყიდვა ჯერ კიდევ ყოფილი მერის დავით ნარმანიას დროს შეუზღუდა.

„კ2 კოეფიციენტის შესყიდვა უკვე შეზღუდულია. ჯერ კიდევ დავით ნარმანიას დროს მოხდა ამის შეზღუდვა. თუმცა, გენერალური გეგმის ფარგლებში მოცემულია შესაბამისი ზონები და ამ ზონების მიხედვით მოხდება ქალაქის განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.