იოსებ მაკრახიძისა და მისი ცოლის კომპანიას, 5 თვეში გორის მერიის 3 683 534 ლარის ტენდერი აქვს მოგებული

783

წინა სტატია

სოფელ ხურვალეთში გზის მოასფალტების სამუშაოებისთვის, გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს “იბოლიამ” მოიგო, რომლის ღირებულებაც 526 696 ლარია. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

რადიო მოზაიკის ცნობით, შპს “იბოლიამ” მხოლოდ 2018 წელს გორის მერიის ტენდერებში უკვე მეხუთედ გაიმარჯვა. გასული 6 თვის განმავლობაში შპს “იბოლიას” ორი ტენდერი მარტში აქვს მოგებული, რომელთა საერთო ღირებულება 6 თვეში, 2 616 232 ლარია. შპს “შარამ” კი მხოლოდ ორი ტენდერი მოიგო მარტის თვეში, რომლის საერთო ღირებულებამ 1 067 302 ლარი შეადგინა. აქედან ერთ ტენდერში შპს “შარას” კონკურენტი მხოლოდ შპს “იბოლია” იყო.

ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები?

შპს “იბოლიაში” გორის მაჟორიტარი ტედპუტატი იოსებ მაკრახიძე 40%-იან წილს ფლობს, რომელიც 2016 წელს პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, სამართავად სხვას გადააბარა. ამავე კომპანიაში მისი შვილები, მარიანა და ოფელია მაკრახიძეები 15-15% -იან წილებს მფლობენ.

რაც შეეხება შპს “შარას”, ამ კომპანიის 33%-იანი წილის მფლობელი იოსებ მაკრახიძის ცოლი ციცინო კალანდაძეა.

შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.