კალაძე: ე.წ. წითელ ბაღში ველობილიკი მოეწყობა

970

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვასო გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, კონკრეტულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 25 ივნისს დასრულდება.

მისივე თქმით, პარკის გარშემო 700 – მეტრიანი ველობილიკიც მოეწყობა.

“ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალაქში აუცილებელია მწვანე სივრცეები, ამ მიმართულებით გამგეობები მუშაობენ. ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერების რეაბილიტაცია ხორციელდება ქალაქში და გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება.

დაგეგმილი გვაქვს ასევე ორი დიდი საქალაქო პარკის მშენებლობა მომავალი წლისთვის და ამაზე უკვე კვლევა დაწყებულია.

მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ერთი კონკრეტული პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 25 ივნისს უნდა დასრულდეს. ეს არის ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი, ე.წ. წითელი ბაღი, რომელის ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს და წელს ვიწყებთ ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას. საკმაოდ დიდი ტერიტორია არის პარკის, რომელშიც მოეწყობა ორი საბავშვო-სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე და სხვა. გარდა ამისა, პარკის გარშემო მოეწყობა 700 – მეტრიანი ველობილიკი და  მგონია, რომ ეს პარკი საჩვენებელი იქნება, რადგან ვფიქრობ, კარგი პროექტია წარმოდგენილი და 5 თვის განმავლობაში იქნება დასრულებული.

გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით დაინტერესდა სამშენებლო კომპანია “აქსისი“ და სურვილი გამოთქვა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კალაძემ კომპანია “აქსისს“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნეს სექტორს მხარში დგომისკენ მოუწოდა.