ბოტანიკურ ბაღში ვიდეოდაკვირვების სისტემა დამონტაჟდა

1296

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცნობით, მცენარეთა კოლექციების დაცვისა და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოტანიკური ბაღის ხალხმრავალ ტერიტორიაზე ვიდეოდაკვირვების სისტემა დამონტაჟდა.

“მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კვლავ ფიქსირდება მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანების შემთხვევები. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე ადგილი აქვს არაეთიკურ და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქცევას, რაც საჯარო სივრცეში დაუშვებელი და მიუღებელია. თითოეულ მსგავს შემთხვევაზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

გვსურს, შევახსენოთ ბოტანიკური ბაღის სტუმრებს, რომ ბაღში სეირნობს უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი, დასასვენებლად მოდიან ოჯახები, ბავშვები და სტუდენტები. ასევე, ჩვენთან ერთად მუშაობენ კოლეგები სხვადასხვა ბოტანიკური დაწესებულებიდან. მათ აქვთ უფლება ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იმოძრაონ ბაღის ტერიტორიაზე და ჰქონდეთ კომფორტული დასვენებისა და მუშაობის პირობები.

ბოტანიკური ბაღი მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.