აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას პასუხობს

1191

წინა სტატია

აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ  “წყლის სისტემის მოწესრიგება გზებთან და გაზიფიცირებასთან ერთად აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება”. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აჭარის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის კახა შაშიკაძის განცხადებით, საქმე გვაქვს მორიგ უსაფუძვლო ბრალდებასთან.

„წყლის სისტემის მოწესრიგება გზებთან და გაზიფიცირებასთან ერთად აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება. ბოლო წლებში ძალიან ბევრ ისეთ სოფელში შეიქმნა წყლის სისტემა, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა.

აჭარის მუნიციპალიტეტები 300-ზე მეტ სოფელს მოიცავს, მათ შორის რთული რელიეფის მქონე სოფლებს, სადაც ეტაპობრივად, თანმიმდევრულად ხდება წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით შეიქმნა „წყლის სისტემის ალიანსი“, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და წყლის სისტემის რეფორმის განხორციელებაშია ჩართული.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტის მომზადება, რომელსაც გერმანიის განვითარების ბანკი KFW 47 000 000 ევროთი დააფინანსებს. რაც შეეხება მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებულ ხარვეზებს, მონიტორინგს ახორციელებს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები და ყველა შეუსრულებელი ვალდებულების თუ უხარისხო სამუშაოს შემთხვევაში ხდება შესაბამისი ზომების გატარება“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისათვის 50 მილიონი ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა“.