აიფაქტი: გიგი უგულავას მეგობარმა ქელბაქიანებმა, ბოლო 4 წელში, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული 45 მილიონის ტენდერები მოიგეს

2453

დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეგობარმა ქელბაქიანებმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული 45 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. ინფორმაციას ამის შესახებ “აი ფაქტი” აქვეყნებს.

2012 წლის ნოემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, გეგი ქელბაქიანი, რომელიც შპს “ენსისის” გენერალური დირექტორი და გიგი უგულავას მეგობარი იყო, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

ქელბაქიანს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებოდნენ, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის “NCC”-ის 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. კომპანია რიყეზე გვირაბების, ასევე, მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობას ახორციელებდა.

მოგვიანებით, გეგი ქელბაქიანი 150,000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

“მიუხედავად ამისა, თბილისის მერია მასსა და მის ძმას, ბოლო 4 წლის მანძილზე, ხელშეკრულებებს კვლავ უფორმებდა. რამდენიმე ტენდერში ძმები კონკურენტებიც კი იყვნენ და ჯამში 45 მილიონი ლარი მიიღეს”, – წერს “აი ფაქტი”.