მამუკა სალუქვაძე: “სითი ინსტიტუტმა” მერიას გენგეგმა წარუდგინა, პრაქტიკულად, კონსესუსს მივაღწიეთ

1143

“სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა უკვე დაასრულა და დედაქალაქის მერიას წარუდგინა. ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

სალუქვაძის თქმით, იმ საკითხებზე, რაც მერიას სურდა, რომ დოკუმენტში ყოფილიყო, დოკუმენტში ჩაიწერა, თან იმ ფორმით, რა ფორმითაც მერიას უნდოდა. მისი ვარაუდით, ოქტომბრამდე გარდამავალი პერიოდი იქნება – როდესაც ძველი დოკუმენტი ახლით უნდა შეიცვალოს: “ამას გარკვეული დრო დასჭირდება საკანონმდებლო საკითხების მოსაწესრიგებლად, ინსტიტუციური საკითხები თავად მერიაში უნდა გადაწყდეს და ჩვენ ამაში დავეხმარებით”, – თქვა სალუქვაძემ.

რაც შეეხება ცვლილებებს, მამუკა სალუქვაძე განმარტავს, რომ დოკუმენტში ძირეული, პრინციპებისა და გადაწყვეტების ცვლილება არ მომხდარა.

საუბარია რიგითობაზე, უფრო გამსხვილდა საკითხები, ღონისძიებები და გამოიყო პირველი რიგის ამოცანები. მერია პრაქტიკულად, თვითონ ჩაერთო და განსაზღვრა, რას მოერევა პირველ ეტაპზე, პირველ 5 წელიწადში რა იქნება მისთვის დაძლევადი.
მოხდა ბალანსების დათვლა, მაგალითად, როგორ შეიცვალა საცხოვრებელი ზონა არასაცხოვრებელი ზონით. ჩვენ ვამბობდით, რომ სადაც ნებართვები და განაშენიანების რეგულირების გეგმებია გაცემული, ან არ შეიძლება განაშენიანება, ან გადასახედია; ამიტომ ბალანსის დათვლა მოვახდინეთ და რუკების და გათვლების სახით მივაწოდეთ მერიას. აგრეთვე, დავაკორექტირეთ ზონირების რუკა და შევჯერდით იმ საკითხებზე, რაზეც მერია მეტ კონკრეტიკას ითხოვდა. პრაქტიკულად, კონსესუსს მივაღწიეთ და ეს დოკუმენტი შეიძლება ითქვას, უკვე არსებობს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ცვლილებებთან დაკავშირებით, სალუქვაძე განმარტავს, რომ პირველი ცვლილება, რაც ძალიან მალე დაიწყება ქალაქში, კვლევების ჩატარება, ჩარჩო და განაშენიანების გეგმების შემუშავება, მათ შორის, საპარკო პროექტების მიმართულებით იქნება:

„სავარაუდოდ, პროექტირება მოხდება დიღმის ტყეპარკთან და თემქის პარკთან დაკავშირებით. აგრეთვე, ბევრ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე გამოცხადდება კონკურსი და გაკეთდება ჩარჩო-გეგმები. მოხდება კვლევა და პროექტირება ამ ტერიტორიების, რომელიც სასწრაფოდ ჩარევას ითხოვს, მაგალითად, შინდისი-წავკისის მიმართულებით, თბილისის ზღვისა და დიდი დიღმის ტერიტორიებზე. ეს ის ტერიტორიებია, სადაც ქაოტური განაშენიანებები იყო და გაცემულია ნებართვები. ასევე, ვიცით, რომ ლისზე ჩარჩო-გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია“, – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

რაც შეეხება 140 ათას ლარიან ჯარიმას, როგორც სალუქვაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი, ჯარიმა მაინც უნდა გადაიხადონ; თუმცა, სალუქვაძე არ გამორიცხავს რომ ჯარიმის კანონიერებაზე სასამართლოში იდავონ.

მისი ინფორმაციით, დოკუმენტს თბილისის მერია რამდენიმე დღეში მიიღებს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

“სითი ინსტიტუტს” განახლებული გენგეგმის წარსადგენად თბილისის მერმა კახა კალაძემ ვადა 1 ივნისადმე მისცა. 

27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.