ზუგდიდის საკრებულო სოფლებში გასვლითი სხდომების ჩატარებას გეგმავს

1309

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოსახლეობასთან გასვლითი სხდომების ჩატარების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის არასამთავრობოებთან შეხვედრაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა კონსტანტინე კაკავამ განაცხადა. მისი განმარტებით, საკითხი მოცემულ ეტაპზე იდეის დონეზეა, რაზეც უფრო ადრე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამაც ისაუბრა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, ეს ფორმა მოიფიქრეს იმისთვის, რომ ზუგდიდის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში. მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თავისთავად ინფორმირებულია ყველა გამოწვევის შესახებ, თუმცა ამ სხდომების მთავარი მიზანი პრობლემების კიდევ მეტად კონკრეტიზაცია და გადაწყვეტის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა იქნება.

თუ როდიდან გაიმართება გასვლითი სხდომები, კონსტანტინე კაკავას თქმით, იდეა ჯერ მუშავდება, დეტალებზე, მათ შორის მსგავსი შეხვედრების ჩატარების დროზე მედიას და მოსახლეობას მოგვიანებით ეცნობება.

თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას თქმით, გასვლითი საკრებულოს სხდომების გამართვა ცუდი არ არის, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან კარგია, თუმცა ამ პროცესში მთავარია, რამდენად გაითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებებს და ასახავს ამ ყველაფერს შემდეგი წლის ბიუჯეტის პროექტში.