კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 800 ოჯახი ფართებს საბურთალოსა და დიღომში მიიღებს

724

წინა სტატია

თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა პროექტის დეტალები განმარტა.

ელოშვილის თქმით, დეველოპერებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, სადაც დაზარალებული ოჯახებისთვის ბინები უნდა აშენდეს. გამარჯვებული დეველოპერი კი ის გახდა, რომელიც მერიას ყველაზე მეტ ბინას შესთავაზებს.

„შევიმუშავეთ ისეთი მიდგომა, რომ გამოიყო 16 ჰექტარი მიწა, ძირითადად, საბურთალოზე და დიღომში; ამ მიწებზე გამოცხადდება ტენდერი, რომლის საფუძველზეც მიწა დეველოპერებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. თუმცა, ვალდებულებები განსაზღვრული იქნება. მიწის ღირებულებიდან გამომდინარე, ასევე განსაზღვრული იქნება ბინების მინიმალური რაოდენობაც, რომელიც უნდა გადმოეცეს მერიას. გამარჯვებული იქნება ის დეველოპერი, რომელიც მერიას ამ სოციალური სახლების ყველაზე მეტ რაოდენობას გადმოსცემს. შესაბამისად, მინიმუმ 800 ოჯახს დავაკმაყოფილებთ პირველ ეტაპზე. პროცესი გაგრძელდება და 3-4 წლის პერიოდში მთლიანად მოეხსნება ეს პრობლემა ქალაქს. ერთი მხრივ, გვარდება სერიოზული სოციალური პრობლემა და ასევე სტიმულია ბიზნესისთვის. 800 ოჯახი რომ დაკმაყოფილდეს, სერიოზული სამშენებლო სამუშაოების წარმოება იქნება აუცილებელი. ეს საკითხი აინტერესებს ბიზნეს, გვქონდა გარკვეული წინასწარი კონსულტაციებიც. გამარჯვებული დეველოპერები გამოვლინდებიან ტრაფარეტული და კონკურენტული ტენდერების შედეგად“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.