რუსთავში, სავარაუდოდ, ელექტროავტობუსების მშენებელი ქარხანა გაიხსნება

რუსთავში, სავარაუდოდ, ელექტროავტობუსების ქარხანა აშენდება, რომელში წარმოებული ავტობუსებიც ევროკავშირში გავა ექსპორტზე. ამის შესახებ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„როგორც იცით, ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაცია იყო შერჩეული, აქედან ერთი თბილისის, ორი რუსთავის, ხოლო ერთი გარდაბნის ტერიტორიაზე. მართალია, კონკრეტული ადგილის შესარჩევად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, კვლევაზე მომუშავე ჯგუფი რუსთავში მდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება და ქარხნის მშენებლობაც, სწორედ რუსთავის ტერიტორიაზე დაიწყება.

რაც შეეხება ქარხნის მშენებლობის დაწყების თარიღს, ამ ეტაპზე ზუსტი პერიოდის თქმა გამიჭირდება, თუმცა, მშენებლობის თარიღებზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ,“- თქვა პატარაიამ.

მისივე თქმით, ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებამდე, სადემონტრაციოდ საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, რომლის ანალოგების წარმოებაც ამ ქარხანაში მოხდება. ასეთი პირველი ელექტროავტობუსი თბილისში, რამდენიმე დღეში გამოჩნდება და N61 ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ ელექტროავტობუსების წარმოებისთვის „ფრეგობასმა“, ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად, კონსორციუმი შექმნა და მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS უზრუნველყოფს. არსებული ინფორმაციით, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხანაში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები