გურჯაანის ა(ა)იპ “მუნიციპალური სერვისიდან” 6 ადამიანი გაათავისუფლეს

545

გურჯაანში, ა(ა)იპ “მუნიციპალურ სერვისში“ შტატები გაუქმდა და ექვსი სპეციალისტი სამსახურიდან გათავისუფლდა. მერის მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის თქმით, ცვლილება კადრების ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

“რეალური საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, ამდენი ადამიანის დასაქმებას არ საჭიროებდა. სავარაუდოდ, ამ ცვლილებით 30 000 ლარი თანხა დაიზოგა. გათავისუფლებული ადამიანები სპეციალისტები იყვნენ, რაც შეეხება ბუღალტრის ორ თანაშემწეს, ისინი ადგენენ ე.წ. ჩგდ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს. სოფელში ვინც წყლის გადასახადს იხდის, თანხის შემოტანა და აღრიცხვა მათ ევალებათ. ბუღალტერი კი ადმინისტრაციულ საქმეებს აგვარებს. ვინც გათავისუფლდა ის სპეციალისტებიც ძირითადად ამ საქმეს აკეთებდნენ. დარჩენილი თანამშრომლები იყვნენ საჭირო ამ საქმისთვის. ვენდეთ მათ გამოცდილებას და გადავწყვიტეთ, რომ ისინი დარჩენილიყვნენ. ადამიანების გათავისუფლება ჩვენთვისაც მტკივნეული პროცესია, მაგრამ თუ ამდენი თანაშრომელი საჭირო არ არის, სამწუხაროდ, ხელფასს ვერ გადავიხდით”, – თქვა გეთიაშვილმა.

ნიკოლოზ გეთიაშვილის ინფორმაციითვე, სხვა ა(ა)იპ-ებსაც სწავლობენ და ის პოზიციები, რომლებიც საჭირო არ იქნება, გაუქმდება.

გასულ კვირას, გურჯაანში, ორი ა(ა)იპ დაიხურა: „მუნიციპალური მაცნე“ და “გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური”.