როგორ უნდა გათანაბრდნენ რეგიონები – ინტერვიუ კონსტანტინე კანდელაკთან

904

რეგიონების გათანაბრება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი რეგიონულ განვითარებას, მრავალდონიანი თვითმმართველობის ხელშეწყობას და რეგიონებს შორის დისბალანსის აღმოფხრას ითვალისწინებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრა, ამ მიზნით რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ – ამ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სხვა საკითხებზე გთავაზობთ “კახეთის ხმის” მიერ მომზადებულ ინტერვიუს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტთან, კონსტანტინე კანდელაკთან:

– საქართველოს წინაშე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა რეგიონებს შორის დისბალანსი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს უთანაბრობის აღმოფხვრას. რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა გათანაბრდნენ რეგიონები?

– ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრა და სიღარიბის დაძლევა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია თანაბარი, მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონებში. დღესდღეობით, მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტი თბილისზე მოდის. საქართველოში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის 50% ძალიან დიდი ციფრია. თუ გადავხედავთ სხვადასხვა რეგიონს, რამდენიმე მათგანში არაფერი არ იქმნება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკის სფერო. ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ადგილებზე.

– მთლიანი შიდა პროდუქტის გათანაბრების გარდა, რეგიონებს შორის დისბალანსის აღმოფხვრის მიზნით ხელისუფლებამ კიდევ რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს?

– ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც გაწერილია ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში. 2018 წლის სამოქმედო გეგმა უკვე შედგენილია. აქ მრავალმხრივი ასპექტებია. ეს არის ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, ტრენინგების ჩატარება, რათა მათ ადეკვატურად შეძლონ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც მათ წინაშე დგას. ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს. მეორე მიმართულებაა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. ერთ-ერთია რეგიონული განვითარების სტრატეგია, მისი დამტკიცება და შემდგომ იმპლემენტაცია.

– 2014-2017 წლების ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში იყო თუ არა გათვალისწინებული ღარიბი რეგიონების გათანაბრება? რა ღონისძიებები იყო გაწერილი? აქედან რომელი შესრულდა და რომელი ვერ შესრულდა?

– ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველა ვალდებულება შესრულდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ესენია: რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავება, საჯარო მოხელეთა სწავლების კომპონენტი და ა.შ. ეს არის უთანასწორობის აღმოფხვრის ერთ-ერთი მიმართულება. უთანასწორობის აღმოფხვრისთვის, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია რეგიონული განვითარება და მრავალდონიანი მმართველობის შემოღება. მხოლოდ 21-ე თავის მოთხოვნების შესრულება არაფერს მოგვცემს, თუ სხვა ნაბიჯებიც არ მოჰყვა.

– ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავში განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. როგორ არის ევროპაში მიღწეული ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა და რომელი ევროპული ქვეყნის მოდელი შეიძლება გაიზიაროს საქართველომ ამ მიმართულებით?

– ასოცირების ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კონკრეტულ საკითხებზე ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იყოს გადაწყვეტილება მიღებული. მაგალითად, გერმანიაში, როდესაც რაღაც საკითხზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, წინასწარ მიმდინარეობს კონსულტაციები მოსახლეობასთან, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და დისკუსიების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება. ეს პროცესი თავისთავად გულისხმობს გამოკითხვებს, შეხვედრებს და პროცედურა სავალდებულო ხასიათისაა. მაგალითად, პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოქალაქეებთან. პოლონეთში დანერგილია ასეთი სისტემა: მუნიციპალიტეტს სოფლებისთვის გამოყოფილი აქვს თანხა და თავად მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, რა პროექტი განახორციელოს ამ თანხით საკუთარ დასახლებაში. ტარდება, ასევე, გამოკითხვები, როდესაც რამდენიმე პროექტია და მოქალაქეები ხმას აძლევენ სასურველ პროექტებს, არსებობს ფოკუს-ჯგუფები და ა.შ. ეს არის მოქალაქეების ჩართულობით მათთვის განკუთვნილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის მაგალითი. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მუნიციპალიტეტები გადაწყვეტილებას არ იღებენ, თუ რეფერენდუმს არ ჩაატარებენ. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. ეს დემოკრატიის ყველაზე უმაღლესი ფორმაა. საქართველოში ეს კანონით აკრძალულია. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში ეს ფორმა დამკვიდრდეს.

– საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე წარადგინა დეცენტრალიზაციის გეგმა, სადაც გაწერილია რამდენიმე მიმართულება. როგორ ფიქრობთ, მთავრობის ეს ხედვა არის თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოძახილი?

– ჯერ კიდევ შარშან გაჟღერდა, რომ ამზადებდნენ ახალ სტრატეგიას. ეს არ არის ახალი. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომ ეს კანონებში აისახოს. ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან ეს სტრატეგია პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა, ეხმიანება ასოცირების ხელშეკრულებას. როგორც დაანონსდა, ზაფხულში შეიქმნება დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება, რას გულისხმობს თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება და მეტი ფინანსების გამოყოფა?

– ხელისუფლება აანონსებდა ორდონიანი თვითმმართველობის შექმნას, მაგრამ, პირიქით, თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა კიდევ უფრო შეამცირა. თქვენი პროგნოზით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია შეუწყობს თუ არა ხელს ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას და, ამავე დროს, მრავალდონიანი თვითმმართველობის შექმნას?

– პირდაპირ ვიტყვი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მრავალდონიანი თვითმმართველობა ვერ ჩამოყალიბდება. როდესაც ამ საკითხზე 2013-2014 წლებში ვსაუბრობდით, ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. ამ პროცესს ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება. არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში რადიკალურ ცვლილებებზე გვქონდეს საუბარი. როგორც ცნობილი გახდა, ეს იქნება საშუალოვადიანი პერსპექტივის სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება 2024 წლამდე გაწერილი. წელს არაფერი ისეთი არ არის მოსალოდნელი. ვნახოთ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუ იქნება ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თვითმმართველობების ფინანსურ დამოუკიდებლობას და უფლებამოსილებას გაზრდის.