გორელ მძღოლებს პარკირების გადასახადის გაუქმება სურთ

649

გორელი მძღოლების უკმაყოფილებას ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილების სიმცირე იწვევს. მათი განმარტებით, პრობლემა ძირითადად ცენტრალურ ქუჩებსა და სავაჭრო ობიექტების მიმდებარედ იქმნება. მათი თქმით, ქალაქში ავტომობილთა რაოდენობა გაიზარდა. გორელ მძღოლებს მიაჩნიათ, რომ გორში პარკირება უფასო უნდა იყოს. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” წერს.

“მანქანის გაჩერება განსაკუთრებით ცენტრალურ და მოძრაობის მხრივ გადატვირთულ ადგილებზე ჭირს. პარკირების რაოდენობა შეზღუდულია, რაც მძღოლებს განსაკუთრებით გვაშფოთებს. მეორე საკითხია კიდევ ფასი. ხალხი ისედაც გაჭირვებულია და რამდენიმე წუთით მანქანის გაჩერებაში თანხას რატომ უნდა ახდევინებდნენ. ისედაც გართულებულ ცხოვრებას, ესენი უფრო გვირთულებენ“, – ამბობს, ერთ-ერთი მძღოლი.

“არის ადგილები, მაგრამ უფრო მეტი რომ იყოს უკეთესი იქნება. ცენტრალურ ქუჩებზე განსაზღვრულ პარკირების ზოლებში ძირითადად ახლოსმდებარე მაღაზიებსა და ოფისებში მომუშავეთა მანქანები დგას.იქ სხვა მძღოლი მანქანას ვერ გააჩერებს. ეს მთავარი პრობლემაა, ჩემი აზრით, რაც როგორღაც უნდა დაარეგულირონ“ – ამბობს მძღოლი.

პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გასაჩერებელი ადგილების რაოდენობის გაზრდით გეგმავს. მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა.