ვერხვების დევნილთა დასახლებაში თუნუქის ფურცლები კენჭისყრით გაანაწილეს

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ ოჯახებს თუნუქის ფურცლები კენჭისყრის შედეგად დაურიგეს. ადგილობრივების განცხადებით, სახურავებისთვის განკუთვნილი მასალა ქურთას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, საკუთარ სტრუქტურულ ერთეულს დაქვემდებარებული მოსახლეობის, მხოლოდ, 30%-ს მისცეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამის მიზეზად არასაკმარისი თანხები სახელდება, რომლითაც თუნუქის ფურცლების შესყიდვა სრულად ვერ განხორციელდა. სამშენებლო მასალის განაწილება კი, კენჭისყრით გადაწყვიტეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სხვა ოჯახები თუნუქის ფურცლებს მომავალი წლისთვის მიიღებენ.

სამაგიეროდ, თუნუქის ფურცლები სრულად მიიღეს პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებმა. ერედვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა საკუთარ მოსახლეობას საჭირო მასალა მთლიანად გადასცეს. ანალოგიურად, გადაეცათ ფრონეს ხეობიდან დევნილებს.

დევნილებმა კოტეჯების სახურავების შესაცვლელად მუშა-ხელი თავად უნდა დაიქირავონ. მშენებლებმა მათ განუცხადეს, რომ თითო ოჯახისთვის სახურავის გამოცვლა 200-დან 300 ლარამდე დაუჯდებათ. 9 წლის წინ აშენებულ კოტეჯების სახურავებს ფილები უკვე დაუზიანდა.

მსგავსი სიახლეები