ფოთის მოსახლეობა დაზიანებული გზების გამო უკმაყოფილოა

815

ფოთში ქუჩების დიდი ნაწილი დაზიანებულია. ამორტიზებული გზები გადადგილების პრობლემას უქმნის როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. ვითარება კი განსაკუთრებით მძიმეა უამინდობის დროს. ადგილობრივები ქუჩების რეაბილიტაციას ითხოვენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ფოთში ყველაზე გაუსაძლისი მდგომარეობაა. ქალაქი, რომელიც მთელ ქვეყანას ამარაგებს, არავის აინტერესებს, ალბათ მალე რუკიდანაც ამოიღებენ. ზაფხული მოდის და ფანჯრების გაღებასაც ვერ შევძლებთ. იმდენად არის გზები დაზიანებული, რომ წვიმიან ამინდში ფეხით გადადგილება შეუძლებელია. აყრილია ასფალტი, ყველგან ორმოებია. არ ვიცი რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, ან საერთოდ რისთვის არსებობს?!“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ეკა გეგენავა.

ქუჩების გადათხრა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მიზნით მოხდა, რამაც არსებული პრობლემა უფრო გაამწვავა. წყალარინების ქსელის მშენებლობა 2016 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი შეჩერდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ევროპული სტანდარტების შესაბამისი პოლიეთილენის მილები და საკანალიზაციო ჭები უნდა შემოეტანა, თუმცა უხარისხო პროდუქციით დაიწყო მუშაობა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა. წყალმომომარაგების კომპანიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. კომპანიის ცნობით, სამუშაოებს ,,კატაჰალ გრუპი“ შეასრულებს. მათივე ინფორმაციით, წყალარინების ქსელის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება. პროექტის ღირებულება 90 მილიონ ლარს შეადგენს და აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სანამ ქალაქში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოები არ დასრულდება, ქუჩების სრული რეაბილიტაცია არ მოხდება. მათი თქმით, ამ ეტაპზე, გზების მოხრეშვა და ორმული შეკეთებაა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.