„ცრუ გოგიას“ კომპანია, 50 წლის რეზერვუარები, შადრევნებად ამოხეთქილი სასმელი წყალი და ვერდასრულებული პროექტები გორში

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიატენში, ხიდისთავსა და ქვახვრელში 2016 წლიდან სასმელი წყლის მასშტაბური პროექტები ხორციელდება, თუმცა, დღემდე, არც ერთი პროექტია დასრულებული. ატენში, სადაც მილების ჩაყრა დღესაც გრძელდება, ამბობენ, რომ სისტემა ,,გატესტვის“ პროცესშია, ხიდისთავში, სათავე ნაგებობაზე, სამუშაოები შეჩერებულია. იქ მომუშავე მუშებმა არ იციან, რა ხდება, ხოლო ქვახვრელში სისტემა ,,გატესტეს“, თუმცა, წყალმა ალაგ-ალაგ შადრევანივით ამოხეთქა.

პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 და 2017 წლებში დაფინანსდა და სამუშაოებზე, ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან, ჯამურად, 6 მილიონ ლარამდე გამოიყო.

„ცრუ გოგიას“ კომპანია VS ატენის წყალმომარაგება – პირველი პროექტი

ატენში წყალმომარაგების მოსაწესრიგებლად რეგფონდიდან ორი პროექტი დაფინანსდა. პირველი 2016 წელს 1 მლნ 427 650 ლარით, მეორე კი 2017 წელს – 1 მლნ 555 551 ლარით. სამუშაოებიც, შესაბამისად, 2 ორ ეტაპად მიმდინარეობდა.

პირველ ეტაპზე სამუშაოები 2016 წლის 3 მაისს დაიწყო და 2016 დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპანია ,,გელა“, გორის მაშინდელი გამგეობისთვის,,ცრუ დაპირებების“ ავტორი აღმოჩნდა.

,,ჩვენ გვიან გავიგეთ, რომ იმ კომპანიის დირექტორს ცრუ გოგიას უწოდებენ. გაგვაწამა ამ კაცმა. ვერ დაასრულა სამუშაოები და სისტემატურად ვაწუხებდით,“ – ამბობს გამგეობის მაშინდელი ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე.

„ატენში დაწყებულია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები. ეს იქნება საუკუნის პროექტი. დღეს არსებული წყალმომარაგების სისტემა გვაძლევს წყლის მხოლოდ გრაფიკით მიწოდების საშუალებას. ახალი სისტემა უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას და საკმაოდ დიდი მარაგის მქონე იქნება. ეს იქნება ძალიან მაღალი ხარისხის და მრავალი ათეული წელი მოემსახურება მოსახლეობას,“ – აცხადებდა გამგებელი დავით ონიაშვილი  2016 წლის 11 ივნისს.

კომპანია ,,გელასთან“ ხელშეკრულება 2016 წლის 3 მაისს, 1 მლნ 427 650 ლარზე გაფორმდა.

2017 წლის თებერვალში გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა გვითხრა, რომ  შპს ,,გელამ” ავანსად გადარიცხული თანაც კი ვერ აითვისა.

,,ამის გამო, ავანსად გადარიცხული 285 530 ლარიდან 120 216 ლარი უკან დავიბრუნეთ,” – აცნობა იურიდიული სამსახურის უფროსმა საკრებულოს.

მიუხედავად ამისა, ,,გელას“ სამუშაოები ორი თვით გაუხანგრძლივეს, შემდეგ კი, ხელმეორედ კიდევ ერთი თვის ვადა მისცეს. შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე 2017 წლის თებერვალში ამბობდა, რომ ის ,,ჩასაფრებული არ არის” და კომპანიებს სამუშაოების დასრულების საშუალება უნდა მიეცეს.

საბოლოოდ, ,,ცრუ გოგიას“ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ხუთთვიანი დაგვიანებით, 2017 წლის მაისში ,,შეასრულა“ და პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულად გამოცხადდა.

ატენი, 2017 წელი – მეორე პროექტი და სამჯერ გაგრძელებული ვადები

მეორე ტენდერის პირობების თანხმად, 5 კმ მანძილზე მაგისტრალური მილი უნდა გაკეთებულიყო.  ამ მილით ჩირახის წყალს ახალ რეზერვუარამდე დააკავშირებდნენ. ახალ რეზერვუარში დაგროვებული წყალი მოსახლეობამდე თვითდინებით დაეშვებოდა.

დღეს droa.ge-მ რეზერვუართან მომუშავე მუშები დააფიქსირა, რომლებიც მილებს ყრიდნენ. სავარაუდოდ, ერთხელ გაკეთებული გამოცვალეს. ადგილზე მომუშავე პირებმა განაცხადეს, რომ ეს უმნიშვნელო დეტალია.

,,დღეს უკვე უნდა გავტესტოთ სისტემა“ – გვითხრეს მათ. თუმცა, კომპანია ,,ნდს მშენებლობის“ ინფორმაციის მენეჯერმა, მარინა ირემაშვილმა ვერ დაგვიდასტურა, რომ ატენში მეორე ეტაპის სამუშაოები უკვე გატესტვის პროცესშია.

,,ვერ გეტყვით, დღეს მოხდება თუ არა ეს ე.წ. გატესტვა, მაგრამ სამუშაოები დასრულების პროცესშია, რაც იმას გულისხმობს, რომ პროექტის ფარგლებში 1 მლნ 300 ათასი ლარის სამუშაოები შესრულებულია“ – აცხადებს ირემაშვილი.

ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაციის მეორე პროექტი 2017 წლის 7 ივნისს დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2018 წლის 21 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, 2018 წლის 25 მარტის მდგომარეობით, რეზერვუართან თხრილში მილს ამონტაჟებდნენ.

კომპანია ,,ნდს მშენებლობამ“ მეორე ეტაპის ტენდერში 1 მლნ 555 551 ლარად გაიმარჯვა. ინფორმაციის მენეჯერის განცხადებით, 1 მლნ 300 000 ლარია ათვისებული.

გორის მერიამ აღნიშნულ კომპანიას 2018 წლის 21 იანვრიდან სამუშაოების ვადა ორჯერ გაუზარდა. პირველ ჯერზე მიუთითეს, რომ კომპანია სამუშაოებს 2018 წლის 14 აპრილს დაამთავრებს, ამჯერად კი, მესამე ცვლილებაში მითითებულია, რომ ვადა 2018 წლის 25 მაისამდე გადაიწია.

უწყლოდ დარჩენილი ხიდისთავი – კომპანია 60-იან წლებში დამონტაჟებულ რეზერვუარებს მილებს ვერ უერთებს

მძიმე მდგომარეობაშია ხიდისთავის პროექტიც. აქ სამშენებლო სამუშაოები ,,სათავეშიაგაჩერებული. სათავე ნაგებობა სოფელ ატენთან, მდინარე ტანის პირზეა მოწყობილი. მიწის ქვეშ დამონტაჟებულია მრავალტონიანი რეზერვუარები, რომლებშიც დრენაჟის სისტემით წყალი გროვდება. ეს რეზერვუარები 1965-67 წლებშია ჩაყრილი. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ რეზერვუარებთან ახალი მილების დაერთება გახდა პრობლემა, რის გამოც ხიდისთაველების ონკანებში წყალი კვლავაც არ მოდის.

წყალი თვითდინებით უნდა დაეშვას სოფელ ხიდისთავისკენ. ხიდისთავში სასმელი წყლის მილები შიდა გზებზე უკვე დამონტაჟებულია.

ხიდისთავის წყალმომარაგების მოწესრიგებასაც 2 წელი და 2 პროექტი დასჭირდა, თუმცა, არც ეს პროექტებია ბოლომდე მიყვანილი. პირველი პროექტი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო.  მეორე კი – 2017 წლის აგვისტოში.

1 პროექტის ხელშეკრულება კომპანია ,,COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS“ საქართველოს ფილიალთან (შემოკლებით ,,კობრა გრუპთან“) 2016 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. ღირებულება 1 მლნ 714 000 ლარი იყო, სამუშაოები კი 2017 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტით, კომპანიას უნდა მოეწყო მაგისტრალური მილსადენი და 3 რეზერვუარი, რომლებიც სათავე ნაგებობას დაუკავშირდებოდა.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, გორის გამგეობამ კომპანიას ვადა 2017 წლის 30 აპრილამდე გაუგრძელა. ,,კობრა გრუპის“ წარმომადგენელი ირმა რატიანი ამბობს, რომ ხიდისთავში ნაკისრი ვალდებულებები ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეასრულეს. იგივეს ადასტურებს მუნიციპალიტეტის მერიაც.

მიუხედავად ამისა, ხიდისთავში პრობლემის წინაშე მაინც დადგნენ – 2017 წელს დაფინანსებული პროექტი ამ დრომდე ვერ დასრულდა, რადგანაც კონტრაქტორმა კომპანიამ მილების სათავე ნაგებობასთან დაერთება ვერ შეძლო.

მეორე ეტაპის სამუშაოებს რუსთავში რეგისტირებული კომპანია ,,ალგეთი“ ახორციელებს. ხელშეკრულება, 2017 წლის 25 აგვისტოს, 294`999 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმდა.

,,მეორე ეტაპის დროს რეზერვუარებთან უნდა მომხდარიყო მილების დაერთება. ეს რეზერვუარები 1965-67 წლებშია დამონტაჟებული და მიწის ქვეშ მდებარეობს. სამწუხაროდ, დროულად ვერ მოიძებნა დაერთების ადგილი. კომპანია ეცდება, რომ დაერთების ადგილი დროულად მონახოს. როგორც კი წყალი დაიკლებს, მუშაობა გაადვილდება“, – ამბობს გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე.

როგორც აღვნიშნეთ, ხიდისთავის რეზერვუარები მდინარე ტანასთან ახლოსაა დამონტაჟებული. ის კომუნისტების პერიოდში ჩაყარეს. ძველი პროექტი გამოიყენეს ახლის გასაკეთებლადაც. ფოტოებზე ჩანს, რომ ცენტრალური მილები რეზერვუარამდე მიყვანილია, თუმცა, მიწის ქვეშ დაერთების ადგილის მოძებნა გაუჭირდათ.

სასმელი წყლის „შადრევნები“ სოფელ ქვახვრელ და წყალს გატანებული 710 ათასი ლარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, კერძოდ, სისტემაში წყლის გაშვებისას, მიწიდან წყალმა ამოხეთქა.  იქ სადაც მიწა წაყრილი იყო და სამუშაოები დასრულებულად ითვლებოდა, წყალმა შადრევანივით ამოხეთქა.

,,ამის მიზეზი ის გახლავთ ჩემო ბატონო, რომ ვინც ეს გააკეთა, არასრულყოფილად გააკეთა. მიწიდან წყალმა შადრევანივით ამოხეთქა. ზოგგან შლანგი შლანგზე არ იყო გადაბმული და ზოგგან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ჩვენ ყველა ეს ხარვეზი აღმოვფხვერით,” – განუცხადეს მუშებმა droa.ge-ს.

ამჟამად, სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის ,,მილიონიან პროექტს” კომპანია ,,გეოპლასტი” ასრულებს. კომპანია ამ საქმეში, ახალი ტენდერის საფუძველზე, 2017 წლის 15 დეკემბრიდან ჩაერთო.

ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2016 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია ,,არქიკულტურა” მუშაობდა. მათ 800 000 ლარი აითვისეს და აცხადებდნენ, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულეს. კერძოდ, დარჩენილი იყო მრიცხველების დაყენება.

კომპანია ,,არქიკულტურას” სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა, ვერ დაასრულა. გორის მაშინდელმა გამგებელმა ვადა სამჯერ გადაუწია. 880 000 ლარიდან ,,არქიკულტურამ” 800 000 ლარი აითვისა. საბოლოოდ, კომპანიას გამგეობამ ხელშეკრულება, სამუშაოების დროულად ვერშესრულების გამო, გაუწყვიტა, თუმცა, პირგასამტეხელო მხოლოდ 90 000 ლარი დააკისრა. როგორც მერიაში განმარტავენ, ახალი კონტრაქტორი „გეოპლასტი“ სწორედ ამ დაბრუნებული 90 000-ით ასრულებს სამუშაოებს.

,,კიდევ იცით რა არ იყო გაკეთებული? სახლებთან შეყვანილი მილებიც კი იყო ერთმანეთთან აცილებული” – აცხადებენ ,,გეოპლასტის” წარმომადგენლები.

თავად „გეოპლასტს“ სამუშაოები 10 დღის წინ – მიმდინარე წლის 15 მარტს უნდა დაესრულებინა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების 20 მარტის გადაწყვეტილებით, ვადა 15 მაისამდე გაუგრძელეს.

რას ამბობს მერია?

გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ სამივე სოფლის პროექტი, მიუხედავად ხარვეზებისა, მაინც დასრულდება. მისი განმარტებით, თითოეულ სოფელში კომპანიებს სხვადასხვა სირთულის პრობლემები შეხვდა, რაც, ერთი მხრივ, ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, მეორე მხრივ კი, საპროექტო ორგანიზაციების შეცდომებით.

ატენის მაგალითზე ამბობს, რომ კომპანიები,,ჰიდროს“ მიერ შედგენილმა პროექტმა გააწვალა.

,,თავდაპირველად, სამუშაოები ამ კომპანიამ 5 მლნ ლარად შეგვიფასა, რაც, თავისთავად, დიდი თანხა იყო. ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ნაცვლად 5 მლნ ლარისა, ატენის პროექტს 3 მლნ-ზე ოდნავ მეტი სჭირდებოდა. ამან გამოიწვია ჩივილები სხვადასხვა სამსახურში, მიუხედავად ამისა, დავუმტკიცეთ, რომ თანხა გაბერილი ჰქონდა“, – აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

მისი ცნობით, ატენის პროექტთან დაკავშირებით, ფინანსური პოლიციაც იყო ჩართული. მოიწვიეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებიც.

ამის შემდეგ, მისი თქმით, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა პირველი ეტაპის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია – შპს ,,გელა“.

რაც შეეხება ხიდისთავს, აქ, პრობლემა კომპანიების მხრიდან თითქმის არ ყოფილა. პრობლემა კომპანიებს შეხვდათ მაშინ, როდესაც კომუნისტების პერიოდში  ჩაყრილ რეზერვუარებთან დაერთების წერტილები ვერ იპოვნეს. სოფელ ქვახვრელში კი, პრობლემებს, ასევე, არაკეთილსინდისიერ კომპანიას უკავშირებენ. პირველ ეტაპზე, სამუშაოებს აქ, როგორც უკვე გითხარით, კომპანია ,,არქიკულტურა“ ახორციელდებდა.

მიუხედავად მერიის წარმომადგენლის ოპტიმიზმისა, ამ დროისთვის სურათი ასეთია – ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მხოლოდ ამ სამი სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგების მოსაწერიგებლად, მხოლოდ 2 წელში, თითქმის 6 მილიონი ლარი გამოიყო, შედეგი კი იგივეა, რაც 2016 წლამდე – ქვახვრელს და ხიდისთავს წყალი დღესაც არ მიეწოდება, ატენის მოსახლეობა კი წყაროებზე მიერთებული ონკანებით იმარაგებს წყალს.

ვინ არის დამნაშავე და პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე, ერთი შეხედვით, თითქოს გამოკვეთილია, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ მიმართ ზომები, ფაქტობრივად, არ გატარებულა, გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა ერთს კონტრაქტი გაუწყვიტა, სხვებს კი, დასრულების იმედით, ვადები გაუგრძელა.

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრები კი, რომლებიც რეგფონდიდან პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ, თბილისში, ერთი კონკრეტული სამინისტროს ერთ კონკრეტულ დარბაზში იკრიბებიან ხოლმე, იღებენ გადაწყვეტილებებს იმ სოფლებსა და ქალაქებზე, რომლის არსებობაც, შესაძლოა, მხოლოდ იმ დღეს გაიგონ. მათი ფუნქციაც და პასუხისმგებლობაც სწორედ აქ სრულდება. პრინციპში, რატომაც არა, დედაქალაქში ხომ 24-საათიანი წყალმომარაგებაა…

მსგავსი სიახლეები