გორის მერია მაჟორიტარი დეპუტატის ძმის კომპანიას გზების მოვლა-შენახვისთვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარს გადაურიცხავს

წინა სტატია

გორში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეკონსტრუქციას და მოვლა-შენახვას შპს ,,არქმშენსტუდია 2002“ უზრუნველყოფს. კომპანიამ გორის მერიის ტენდერში გაიმარჯვა და მუნიციპალიტეტის დაკვეთების შესრულება წლის ბოლომდე ევალება.ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

სამუშაოების შესრულებისთვის გორის მერია კომპანიას 80 000 ლარს ჩაურიცხავს. რადიო მოზაიკის ცნობით, “არქმშენსტუდია 2002“-ის 100%-იანი წილის მფლობელი გორის მაჟორიტარი დეპუტატის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძეა, რომელმაც ხელმძღვანელის პოზიცია ელვარდ გოგიაშვილს გადააბარა მას შემდეგ, რაც კეთილმოწყობის სააგენტოში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, შპს ,,არქმშენსტუდია 2002“ -თან ერთად, ტენდერში ქალაქ გორის ყოფილი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ცოლის ძმის, როსტომ მიხანაშვილის კომპანია, შპს “ვერელი+”-იც მონაწილეობდა, მაგრამ სატენდერო კომისიამ მას, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია სამუშაოების შესრულებისთვის 64 001 ლარს ითხოვდა.

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძისა და მისი მეუღლის კომპანიების მიერ გორის მერიის ტენდერში გამარჯვების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც წერდა. მანამდე კი, მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები