რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ანაკლიაში გასვლითი სხდომა გამართა

718

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა. ანაკლიაში გამართულ ღონისძიებას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები – საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები დაესწრნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარე გასვლითი სხდომების მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ტიპის შეხვედრები კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებია, სადაც კომიტეტს სურს, რომ გაჩნდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა დიალოგისთვის და მოსმენისთვის.

კომიტეტის წევრმა გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა.

სხდომაზე ასევე წარმოადგინეს თვითმმართველობებში პარკირების დარეგულირებასთან დაკავშირებით ინიციატივა. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას, მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევის დაჯარიმება შემოდის, რომლის ოდენობაც 10 ლარით განისაზღვრება.

კომიტეტის სხდომა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე განხილვით გაგრძელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე, საძოვრების და სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მოპოვების საკითხებზე გაამახვილეს.