სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის აკრძალვას პრეზიდენტს და მთავრობას სთხოვს

930

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 4 მარტს მესტიაში საპროტესტო აქცია გამართეს და სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. მათ ხელისუფლებას დრო 5 მარტამდე მისცეს.  იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

„სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება ხუდონ ჰესის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები”- ამის შესახებ ზემო სვანეთში თემთა შეკრების განაცხადშია აღნიშნული.

ადგილობრივებმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა ინსტიტუციას აღნიშნული მოთხოვნით მიმართეს და განაცხადეს, რომ სვანეთში აიკრძალოს უკლებრივ ყველა ისეთ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელყოფს, აზიანებს ანგრევს და აპარტახებს უნიკალურ ბუნებას.

„კატეგორიულად ვითხოვთ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუსაოების ჩატარების აკრძალვას,“-აღნიშნულია სვანეთის თემთა შეკრების მიერ გავრცელებულ განაცხადში.