აჭარის მთავრობა მერიას K2-ის გაზრდაზე რეკომენდაციით ვეღარ მიმართავს

695

აჭარის მთავრობამ სამშენებლო ობიექტისთვის K2 კოეფიციენტის მინიჭების უფლება მერიას გადასცა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფინანსთა მინისტრს მერიისთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

აქამდე არსებული წესის მიხედვით, K2 კოეფიციენტის ზრდაზე მოთხოვნა მთავრობიდან მერიაში უნდა შესულიყო. კოეფიციენტის ცვლილების მიზეზი უნდა ყოფილიყო მშენებარე ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ან რაიმე გამონაკლისი შემთხვევა.

აჭარის მთავრობის წინა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ ბათუმის მერიას ასეთი რეკომენდაციით 167-ჯერ მიმართა, ზურაბ პატარაძემ კი 62-ჯერ. პროცესი 2013 წელს დაიწყო.

ახლა უკვე, აჭარის მთავრობის მიერ მერიისთვის გადაცემული უფლების თანახმად, ბათუმის მერმა უნდა მოიფიქროს რა ჩარჩოებში მოაქცევს და რა ფორმით აუწყობს ფეხს ბიზნესმენების მოთხოვნას, რომელიც არა დაშვებულ, არამედ შენობის დაშვებულზე მეტი მასშტაბით გაზრდას ეხება.