სკოლამდელი განათლების სფეროთი დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისში სკოლამდელი განათლების სფეროთი დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები”-ს (Save the Children) საერთაშორისო კონსულტანტი, მაჟენა რაფალსკაც ესწრებოდა.

შეხვედრა პროექტის – “საქართველოში სკოლამდელი გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით” – ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთათვის მიმდინარე პროექტის გაცნობა; მონაწილე ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება სკოლამდელი განათლების სფეროში; სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებული გამოწვევების განსაზღვრა და კოორდინირებული საქმიანობის მიზნით სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე შეთანხმება.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს მათი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და დასახულ მიზნებზე. დისკუსიისას გამოიკვეთა ის საჭიროებები, რომლებიც არსებობს სკოლამდელი განათლების სფეროში და საუბარი შეეხო მათი დაკმაყოფილების გზებსა და ფორმებს. კერძოდ: ვინ არის პასუხისმგებელი სკოლამდელ განათლებაზე? რას ნიშნავს ხარისხიანი სკოლამდელი განათლება? როგორ მონაწილეობენ მშობლები სკოლამდელ განათლებაში? როგორი უნდა იყოს სკოლამდელი მომსახურების ეფექტიანი მართვა? როგორი უნდა იყოს სკოლამდელი განათლების მონიტორინგის სისტემა?

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი საკოორდინაციო ტიპის შეხვედრები გარკვეული სიხშირით გაიმართოს.

პროექტს ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children) პარტნიორ ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკასთან” ერთად, მსოფლიო ბანკის (World Bank) ფონდ “გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის” (GPSA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს; შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდა ორგანიზაცია ,, გადავარჩინოთ ბავშვები-ს (,,Save the Children“) საერთაშორისო კონსულტანტი, მაჟენა რაფალსკა.

მსგავსი სიახლეები