გორის საბავშვო ბაღების დირექტორები მერიაში დაიბარეს

1183

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 15-მდე ხელმძღვანელი დღეს მერიაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “მოზაიკა“ავრცელებს. რადიოს ცნობით, გორის მერის მოადგილე და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იმ დირექტორებს ხვდებოდნენ, რომლების გათავისუფლების საკითხიც დღის წესრიგში დგას, თუმცა ეს ინფორმაცია გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა არ დაადასტურა.

ბაღების დირექტორებთან ერთად შეხვედრას პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების ხელმძღვანელები ორგანიზაციის წევრები არიან, თავმჯდომარემ მათ გვერდით დგომა აუცილებლად მიიჩნია და შეხვედრაზე მივიდა. ნათია გაბროშვილი განმარტავს, რომ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ბაღების დირექტორებს ბაკალავრის ხარისხის დიპლომის ქონას არ ავალდებულებს. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს, რომ გოგებაშვილის სახელობის დიპლომით, ადამიანებმა ამ თანამდებობაზე მუშაობა ისევ გააგრძელონ.

პროფკავშირი, ამ სასწავლებლის დიპლომის მფლობელებს, ხარისხის დასადასტურებლად, აკრედიტაციის ცენტრის ხარჯების დაფარვაშიც დაეხმარება.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოპვზიაშვილის განმარტებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლების კანონში ცვლილებამ, ახალი სტანდარტებისა და რეგულაციების შემოტანა განაპირობა. თავისთავად გაიზარდა მოთხოვნები კვალიფიკაციის მხრივ. ახლადჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი კი, ცდილობს შეიმუშაოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც კანონთან შესაბამისობაში მოვა.

შეგახსენებთ, რომ გოგებაშვილის სახელობის დიპლომების თემა დღის წესრიგში გასულ კვირას დადგა. ამ დიპლომით, ხელმძღვანელ პოზიციაზე 17 ადამიანი მუშაობს, რომლებსაც შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩენა მოუწიოს.