NDI: დედაქალაქში გამოკითხულთა 73%-მა არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი პარლამენტში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქშია, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ მხოლოდ 9%-მა იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

კითხვას, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, დედაქალაქში გამოკითხულთა  9%-მა სწორი პასუხი გასცა, 17%-მა – არასწორი, ხოლო 73%-მა არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი პარლამენტში.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა საქართველოს დიდ ქალაქებშიც. ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 12%-მა სწორი პასუხი გასცა, 13%-მა – არასწორი, ხოლო 72%-მა არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

დედაქალაქისა და დიდი ქალაქებისგან განსხვავებული ვითარებაა სოფლებსა და პატარა ქალაქებში. კითხვას, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, სოფლად გამოკითხულთა 40%-მა სწორი პასუხი გასცა, 13%-მა – არასწორი, ხოლო 47%-მა არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი.

რაც შეეხება პატარა ქალაქებს, აქ გამოკითხულთა 39%-მა კითხვას სწორი პასუხი გასცა, 14%-მა – არასწორი, ხოლო 47%-მა არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

საერთო ეროვნულ ჭრილში, აღნიშნულ კითხვას 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა – არ იცის.

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ, სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რომ გინდოდეთ ადვილად შეძლებდით პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშნვას, გამოკითხულთა 55% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 34% – ეთანხმება და 11%-მა არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

მსგავსი სიახლეები