ცესკომ მეორე ტურის საბოლოო შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

1353

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 საარჩევნო ოლქში გამართული მეორე ტურის საბოლოო შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო ერთში – დამოუკიდებელმა კანდიდატმა. მისივე ცნობით, უკვე დათვლილია ყველა ოლქის ყველა უბანი.

ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან“, ბეგლარ სიორიძემ კი ხმათა 49,89% დააგროვა.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87,55%-ით გაიმარჯვა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ კანონის თანახმად, ბიულეტენში მისი გვარი მაინც იყო შეტანილი, ხმათა 12,45% მიიღო.

ხაშურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა და გაიმარჯვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ – 38, 69%.

ყაზბეგის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა 31,35% მიიღო.

ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულია “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია ხმათა 55.22%-ით, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი ხმათა 44,78% მიიღო.

რაც შეეხება მარტვილს, აქ “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04%-ით გაიმარჯვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტენში მაინც ეწერა, ხმათა 6,96% დააგროვა.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, ჯამში, 6 ოლქში 35 საჩივარი დაიწერა. აქედან ყველაზე მეტი – 14 საჩივარი ოზურგეთში, ბორჯომში 12 საჩივარი, დანარჩენი საჩივრები კი სხვა ოლქებშია შესული. როგორც მიქელაძემ თქვა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც არცევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებს.