ხმების პარალელური დათვლის შედეგებითაც ოზურგეთის მერის არჩევნებში შარაშენიძემ გაიმარჯვა

941

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, “სამართლიანმა არჩევნებმა” 6 საარჩევნო ოლქში ჩატარებული მეორე ტურის ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოზურგეთში, სადაც ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე უპირისპირდებოდნენ, 50.11%-ით შარაშენიძემ გაიმარჯვა. სიორიძემ კი 49.89% მიიღო.

ქუთაისში, ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87.07%-ით მოიპოვა. როგორც ცნობილია, ქუთაისში მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა, თუმცა, პარტიამ მეორე ტურისთვის ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად, ვაშაძემ, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩა, 12.93% მიიღო.

რაც შეეხება ბორჯომს, სადაც ერთმანეთს “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე დაუპირისპირდნენ, “ოცნების” კანდიდატმა 54.95%-ით გაიმარჯვა. ჩაჩანიძემ კი 45.05% მიიღო.

ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, ხაშურში გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 61.05% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა რამაზ ნოზაძემ, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, 38.95% დააგროვა.

ყაზბეგშიც, ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა 68.65%-ით დაამარცხა კონკურენტი “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოდან” სანდრო ყამარაული, რომელმაც 31.05% დააგროვა.

რაც შეეხება მარტვილს, სადაც მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მამუკა დანელია გავიდნენ, “ოცნების” კანდიდატმა რეკორდული მაჩვენებლით – 93.04%-ით გაიმარჯვა. აქაც, ქუთაისის მსგავსად, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, დანელიამ 6.96% დააგროვა.

ჯამში, 6 საარჩევნო ოლქიდან ხუთ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთში – ოზურგეთში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიპოვა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისის, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომისა და ყაზბეგის  საარჩევნო ოლქების ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდა. სადამკვირვებლო მისია 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დროულად დაფიქსირდეს დარღვევები, სისტემურად შეფასდეს არჩევნების დღის პროცესი და გადამოწმდეს ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში. ორგანიზაციამ ინფორმაცია დამკვირვებლების 99.7%-ისგან მიიღო.