“სამართლიანი არჩევნები”: ამ დროისთვის საუბნო კომისიებში 3, საოლქო კომისიებში კი 2 საჩივარი წარვადგინეთ

“სამართლიანი არჩევნებმა” საარჩევნო მედიაცენტრში პირველი პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

“რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა. ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისი თქმით, დარღვევები, ძირითადად, ეხებოდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევას, მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევას, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებას და არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულებას.

“პირველი ტურის მსგავსად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე მიხეილ ბენიძემ.

იხილეთ პრესრელიზი სრულად

არჩევნების მედიაცენტრში მიმდინარე პრესკონფერენციებს თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერში

მსგავსი სიახლეები