რას ითვალისწინებს საბავშვო ბაგა-ბაღების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი? – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, დგინდება მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს საბავშვო ბაგა-ბაღი. კერძოდ:

1. დაწესებულების შენობა განთავსებული უნდა იყოს ავტომაგისტრალებიდან, ცხოველთა სადგომებიდან და ფერმებიდან, ასევე გარემოს დამაბინძურებელი ნებისმიერი წყაროდან დაშორებულ (ავტომაგისტრალებისა და სამრეწველო საწარმოებისთვის − არანაკლებ 300 მ-ით, ხოლო ცხოველთა სადგომებისა და ფერმებისთვის − არანაკლებ 100 მეტრით) მიწის ნაკვეთზე.

2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ნაკვეთზე გამწვანება უნდა შეადგენდეს ტერიტორიის არანაკლებ 40%-ს.

3. სათამაშო მოედნის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, დამზადებული უნდა იქნეს გლუვზედაპირიანი, მაღალხარისხიანი რბილი მასალისაგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გამოყენებას, მყარად დამაგრებასა და ტრავმატიზმის თავიდან აცილებას.

4. სათამაშო მოედნები შემოფარგლული უნდა იქნეს გამწვანებით, ხმაურისა და სიცხისაგან დაცვის მიზნით. გამწვანება ისე უნდა შეირჩეს, რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს სიმწვანე. დაუშვებელია გამწვანებისათვის მომწამლავი ნაყოფის მქონე და ეკლიანი მცენარეების გამოყენება.

5. თუ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ნაკვეთი უშუალოდ აკრავს პარკს ან ტყის მასივს, დასაშვებია მწვანე ნარგავების ფართობის შემცირება 30%-ით.

6. სათამაშო მოედანი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის საჩრდილობლებით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ჯგუფებისათვის.

7. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიწის ნაკვეთი შემოფარგლული უნდა იქნეს არანაკლებ 1,6 მ-ის სიმაღლის ღობითა (რომელსაც არ აქვს ბასრი კიდეები, წვეტიანი, გამოშვერილი ნაწილები) და გამწვანებით პერიმეტრის გასწვრივ.

8. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს გარე ელექტროგანათება.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს თავად შენობების მიმართაც. კერძოდ:

1. შენობას, ტევადობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება ჰქონდეს კომპაქტური, ბლოკური ან პავილიონური სტრუქტურა: შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე კორპუს-პავილიონისაგან, რომლებიც ან ცალ-ცალკე დგას ან შეერთებულია ერთმანეთთან გათბობადი გადასასვლელებით.

2. ადრეული ასაკის (2 წლამდე) ბავშვების ჯგუფური ოთახები აუცილებლად პირველ სართულზე უნდა იქნეს განლაგებული და თითოეულს ჰქონდეს ცალკე შესასვლელი. ჯგუფურ ოთახებში შედის: მისაღები ზონა, თამაშების ზონა, საძინებელი და სასადილო ზონები. ისინი მოხერხებულად უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. ჯგუფური ოთახის მისაღებში გამოყოფილი უნდა იყოს სივრცე მშობლებისათვის გასახდელად და ჩვილ ბავშვთა კვებისათვის.

3. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჯგუფური ოთახები შეიძლება მოთავსდეს როგორც პირველ, ასევე მეორე ან ზედა სართულზე. რამდენიმე ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ერთი შესასვლელი. ამ ჯგუფური ოთახის შემადგენლობაში შედის: გასახდელი, სათამაშო, საძინებელი, სასადილო ზონები და ტუალეტი ხელსაბანით.

4. შენობის სათავსების გადახურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გათვალისწინება სათამაშო და საძინებელი ოთახების, სამზარეულოსა და სხვა სათავსების ფანჯრებისათვის.

5. სათამაშო და საძინებელ სათავსებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორპირი ან კუთხური განიავება. ასეთივე განიავება უნდა ჰქონდეს სამზარეულოს, სამრეცხაოს, თეთრეულის სათავსებს.

6. ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს ფრამუგები და სარკმლები და გამოიყენებოდეს მთელი წლის განმავლობაში. ფრამუგებისა და იატაკის ფართობების თანაფარდობა უნდა იყოს – 1:50. ფრამუგების გარეთა ნაწილი უნდა იღებოდეს ქვემოდან, შიგნითა – ზემოდან. რეკომენდებულია, ფრამუგის შიდა ნაწილს ჰქონდეს გვერდითი ფარი.

7. ჯგუფურ ოთახებში კიბეების ზღუდის სიმაღლედ მიღებულია 1,3 მ. კიბის უჯრედის სახელურის სიმაღლე ბავშვებისათვის 0,5 მ უნდა იყოს, უფროსებისათვის კი – 0,85 მ.

8. დაუშვებელია სამზარეულოს, სამრეცხაოს, საპირფარეშოს ფანჯრების განთავსება ჯგუფების სათამაშო და საძილე სათავსების ფანჯრების ქვეშ.

9. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის კედლები და იატაკი უნდა იყოს გლუვი და მოსახერხებელი სველი წესით დასუფთავებისათვის.

10. შენობის მუსიკისა და სპორტული დარბაზების კედლების ზედაპირები უნდა იყოს ნათელი ფერის, მოსახერხებელი რეცხვა-დეზინფექციისათვის. კვების ბლოკის (სამზარეულო), სამრეცხაო-საუთოებლისა (არსებობის შემთხვევაში) და სანიტარიული კვანძის სათავსები მოპირკეთებული უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ-ის სიმაღლეზე რეცხვისა და დეზინფექციისადმი მედეგი მასალებით. ჯგუფური, სათამაშო, საძინებელი ოთახებისა და სამედიცინო კაბინეტის იატაკი უნდა იყოს გლუვი, ნაპრალების გარეშე და მოსახერხებელი გათბობისათვის, ხოლო კვების ბლოკის, სამრეცხაოს, საუთოებლის, საპირფარეშოს სათავსების იატაკები უნდა იყოს მოხვეწილი კერამიკული ან მოზაიკის ფილებით.

ტექნიკური რეგლამენტი განკუთვნილია ყველა ტიპის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

აგრეთვე, დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-9 მუხლები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა იმ დაწესებულებების მიმართ, რომელთა მშენებლობა და/ან რეკონსტრუქცია იწყება ამ დადგენილების მიღების შემდეგ.

გარდა ამისა, დადგენილებით  დამტკიცებული  ტექნიკური  რეგლამენტის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-9 მუხლები 2020 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს იმ დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ფუნქციონირებენ ან რომელთა მშენებლობა და/ან რეკონსტრუქცია დაწყებულია ამ დადგენილების მიღების დროისათვის.

იხილეთ დოკუმენტი სრულად: ტექნიკური რეგლამენტი − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმები 

მსგავსი სიახლეები