როგორ უნდა იკვებონ საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები – მთავრობამ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და ნორმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკური რეგლამენტი − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმები“ დაამტკიცა.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ზოგად მოთხოვნებს კვების უზრუნველყოფისადმი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და ტიპისა. მისი მიზანია, კვების ორგანიზების წესებისა და პრინციპების, აგრეთვე, რაციონის კვებითი ღირებულების დადგენა  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, ბავშვების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, კვებითი დეფიციტის, სიმსუქნის და კვებასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების პრევენციის მიზნით.

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ჯანმრთელობისათვის საჭირო ნუტრიენტების მისაღებად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით შემოთავაზებული სურსათის მრავალფეროვნებით; ყოველდღიურ რაციონში საკმარისი რაოდენობით შეტანილი უნდა იქნეს მარცვლოვანი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ საკვებ ბოჭკოს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს,  ნახშირწყლებს და მინერალებს; ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად; ბავშვთა კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით. შერჩეული უნდა იქნეს  მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი; მოხმარებული უნდა იყოს  მარილის შეზღუდული რაოდენობა (დღეში <1200 მგ ნატრიუმი/3 გ მარილი); არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის, სასმელი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც ძალადაკარგულად გამოცხადდება „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №78 დადგენილება.

იხილეთ ტექნიკური რეგლამენტი და სხვა დოკუმენტაცია სრულად:

ტექნიკური რეგლამენტი – “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმები”

დანართი 

მსგავსი სიახლეები