ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 50.64%, ალეკო ელისაშვილმა კი 17.52% მიიღო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და  79 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

  • ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე;
  • თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე;
  • ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

ხმის დათვლის პროცესის შეფასება PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანი არჩევნების“ PVT დამკვირვებელთა 99.3% მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნების 99.3%-ზე  ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა ინციდენტების გარეშე, რაც სტატისტიკურად არ განსხვადება წინა წლის საპარლამენტიო არჩევნების (98%) მონაცემისგან და მცირედ გაუმჯობესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (96.6%) მონაცემებთან. ინციდენტების შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარნეულის ოლქში.

საარჩევნო უბნების 99.3%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები. არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა ქუთაისში,  თუმცა ეს პრობლემა თითქმის ყველა შემთხვევაში აღმოიფხვრა.

არჩევნების დღის შედეგები

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 100 %-ისგან.

არჩევნების დღის შედეგები მერის არჩევნებისთვის

თბილისი

PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 100%-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კანდიდატი გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი[1] მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
41. კახა კალაძე

ქართული ოცნება

50.64% 0.61% 50.03 % 51.25 %
42. ალექსანდრე ელისაშვილი – დამოუკიდებელი 17.52% 0.48% 17.04 % 18 %
5. ზაალ უდუმაშვილი– ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16.8 % 0.41% 16.39 % 17.21 %
2. ელენე ხოშტარია-ევროპული საქართველო” 7.12% 0.26% 6.86 % 7.38 %
8. ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი 3.04% 0.13 % 2.91 % 3.17 %
27. გიორგი ვაშაძე

ერთობა – ახალი საქართველო

1.98 % 0.11 % 1.87 % 2.09 %
3. კახა კუკავა– დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო 1.32 % 0.07 % 1.25 % 1.39 %
10. გიორგი გუგავა- ლეიბორისტული პარტია 0.97 % 0.06 % 0.91 % 1.03 %
20. თენგიზ შერგელაშვილი- შენების მოძრაობა 0.26 % 0.03 % 0.23 % 0.29 %
39. ლაშა სტურუა – პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა 0.17 % 0.11 % 0.06 % 0.28 %
17. გიორგი ლილუაშვილი – საქართველო 0.09 % 0.02 % 0.07 % 0.11 %
11. დავით შუკაკიძე- ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა 0.06 % 0.01 % 0.05 % 0.07 %
18.  ნიკოლოზ სანებლიძე- ტრადიციონალისტები 0.05 % 0.01 % 0.04 % 0.06 %

[1] ცდომილების ხარისხი დაანგარიშდა 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 17.04%-სა და 18%-ს შორის, ხოლო ზაალ უდუმაშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი – 16.39%-სა და 17.21% ინტერვალშია. სტატისტიკურად, თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. შესაბამისად „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელმა კანდიდატმა დაკავა მეორე ადგილი.

იხილეთ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები სრულად 

მსგავსი სიახლეები