გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე დიდი უპირატესობით ლიდერობენ და ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება

1001

პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და კახა კალაძე დიდი უპირატესობით ლიდერობენ და ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საბოლოო შედეგები დაადასტურებს ”ქართული ოცნების” გამარჯვებას.

”პარტია ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცესკოს დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს ”ქართული ოცნების” გამარჯვებას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს.

”მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგან ამ ძალისხმევას ნდობის გასამტკიცებლად მიმართავს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს. ეს არჩევნები არის ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება”, – აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი