ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

600

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე პატარა დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ზურგოვანასა და ტურბაზა ,,დიღომის” მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მოსახლეობა ამ უბნებზე გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემის მოწესრიგებას, ტრანსპორტის დამატებას, სახურავების შეკეთებას, საბავშვო სკვერების მოწყობასა და ხეების სხვლა-ფორმირებას ითხოვს. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებას შესაბამისი სამსახურების ინფორმირების შემდეგ, მათივე ჩართულობით შეუდგება.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს N5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და იმ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა, რომელზე მუშაობასაც კახა კალაძის გუნდი აპირებს. ამასთან, ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და ახალი ინიციატივები მოისმინა.

,,საბურთალო ჩემი უბანია. დიდი პასუხისმგებლობაა იყო საბურთალოელების მაჟორიტარობის კანდიდატი. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ ყველა გამოწვევასთან გამკლავებას“, – განაცხადა დავით უთმელიძემ.