ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზის სავარაუდო ღირებულება 145 მილიონი ლარია

ზემო იმერეთი(საჩხერე) -რაჭის (ონი) საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 2020 წლამდე, სავარაუდოდ, 145 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 50-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის წელს 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომავალ წელს დაფინანსება 25 მილიონს შეადგენს, 2019 წელს 40 მილიონს, 2020 წელს კი 70 მილიონ ლარს.

ამ გზის მეშვეობით ზემო იმერეთი რაჭას უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება. ამასთან, შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ასევე, აღნიშნული მონაკვეთი ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზის ალტერნატიული მიმართულება იქნება.

„ამაღლდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოიმატებს ტურისტული ნაკადი და ხელი შეეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – აღნიშნულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა.

წყარო: 1tv
ფოტო: 1tv

მსგავსი სიახლეები